ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში კოვიდ-ტესტების დეფიციტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, დამატებით შეძენილ იქნა მილიონ ნახევარი ტესტი მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში. მათი მოწოდება კი მომავალი კვირის დასაწყისში დასრულდება. გაბუნიას განცხადებით, ტესტების ახალი პარტიის მიღებამდე ქვეყნის მასშტაბით, ქსელებში მარაგები არის. ასევე არის გარკვეული რაოდენობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანას ასევე აქვს 400 ათასამდეა პისიარ ტესტების მარაგი.
„ამდენად, მიმდინარე პერიოდში პისიარ ტესტებით ხდება ტესტირება რეგულარულ რისკ ჯგუფებში და ასევე გრძელდება ანტიგენ ტესტების გამოყენება განსაკუთრებით იქ, სადაც მობილურ პოპულაციასთან გვაქვს საქმე. მარაგები სისტემატურად იწურება და ივსება, არანაირი შეფერხება ტესტირების პროგრამაში არ იქნება,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ქვეყანაში კოვიდ-ტესტების დეფიციტზე განცხადება’’ევროპული საქართველოს’’ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა გააკეთა. მისი თქმით, „ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანიის პირობებში“ ტესტების დეფიციტი შეიძლება დრამატული აღმოჩნდეს.
„ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოში საკმაოდ დიდი დეფიციტია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი. ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის წესით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა ამ გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით,“ – განაცხადა კალოიანმა.