მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვის სამინისტრო ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით, ახალ პროექტზე მუშაობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია.

ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

“ჯანდაცვის მინისტრი დედათა და ბავშვთა საკითხებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროს მრჩეველს კეიკო ოზაკს შეხვდა. მხარეებმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამის ფარგლებში, სპეციალური სახელმძღვანელოს დანერგვა
ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ბაზიარი და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დედათა და
ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ნინო ლომია ესწრებოდნენ,” – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ სახელმძღვანელოში შედის ძირითადი ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ და მისი დანერგვა პირველად ჯანდაცვაში, ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამაში იგეგმება. ესაა მარტივი, საგანმანათლებლო საშუალება ორსულებისა და ახალბედა დედებისთვის.

 

იხილეთ ასევე

აქონდროპლაზიის სამკურნალო პროტოკოლი თითქმის მზადაა – მშობლები დოკუმენტის სამუშაო ვარიანტს გაეცნენ

აქონდროპლაზიის სამკურნალო პროტოკოლი თითქმის მზადაა – ამის შესახებ ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებაშია ნათქვამი, …