მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მოთხოვნის გათვალისწინებას აპირებს

ჯანდაცვის სამინისტრო ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მოთხოვნის გათვალისწინებას აპირებს

ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების აქციის გადადებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ადამია განმარტებებს აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის სამინისტროსთან დაგეგმილი იყო აქცია სლოგანით: #ნუგანგვასხვავებთ – თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში“.

თუმცა ორგანიზატორებმა აქციამდე რამდენი საათით ადრე განაცხადეს, რომ აქცია დროებით გაუქმდა.

„ევროპა დონა საქართველოს“ განცხადებით, რომელიც ამ აქციის ორგანიზატორი იყო, ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა დიალოგისთვის, შესაბამისად „ევროპა დონა საქართველო“ ქმედითი ნაბიჯების მოლოდინშია.

ამ საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას დღეს ეკატერინე ადამიამ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ვერ ისაუბრებს. ამასთან, მისივე თქმით, ბენეფიციარებს შეხვედრების ფორმატში ინფორმაციას მიაწვდიან.

„მინდა ხაზი გავუსვა სამინისტროს დამოკიდებულებას ბენეფიციარების მიმართ. ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში გათვალისწინებული იყოს ყველა ის საჭიროება, რომელიც რეალურად უდგას ჩვენს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, რადგან თემები მრავალმხრივია და ამიტომაც გვიწევს ყოველწლიურად

გარკვეული სიახლეების დამატება, რომელიც წინა წელს ვერ გავითვალისწინეთ. რაც შეეხება კონკრეტულად ონკოლოგიას, ბოლო რამდენიმე წელია, ონკოლოგია სახელმწიფოს პრიორიტეტულ რანგში აქვს აყვანილი და ამ პროგრამას ყოველწლიურად ძალიან ბევრი სიახლე ემატება. შარშანაც, შარშანწინაც დაემატა თარგეთული მედიკამენტების ჩამონათვალი, გაიზარდა ბენეფიციარებისთვის წლიური ლიმიტი, რომ უფრო მეტად იყოს ხელმისაწვდომი ონკოლოგიის მკურნალობა. ჩვენი ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა არის ჰერცეპტინით უზრუნველყოფა ადრეული ძუძუს კიბოთი დაავადებული ბენეფიციარებისთვის. თუმცა აქ არის ერთი სხვაობა – სამინისტროს მიერ დაფინანსებულნი არიან, თბილისის და აჭარის გარდა, დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები და როგორც აღმოჩნდა, დაფინანსების სქემებს შორის არის სხვაობა – თბილისში უფრო მეტი რაოდენობითაა დაფინანსებული ეს მედიკამენტი წლის განმავლობაში, ვიდრე შეიძლება იყოს სახელმწიფო პროგრამის შემთხვევაში. როგორც კი ეს სხვაობა დავაფიქსირეთ, სამინისტრომ დაიწყო ამაზე მუშაობა და რეალურად ამ მიმართულებით უკვე გადადგმული გვაქვს ნაბიჯები და ვაპირებთ, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და არ იყოს შეუსაბამობები,“ – აღნიშნა ეკატერინე ადამიამ.

რაც შეეხება აქციას, ადამიას თქმით, მის ორგანიზატორებთან სამინისტროს წარმომადგენლებს ჰქონდათ კომუნიკაცია. სიახლეებს კი, არსებული პრაქტიკით, მედიის საშუალებით აზიარებენ მას შემდეგ, რაც ისინი ძალაში შედის. მანამდე კი,მისი განმარტებით, მუშაობა ძალიან ბევრ თემაზე მიმდინარეობს, რაც უახლოეს მომავალში ეტაპობრივად შევა ძალაში და მათ შესახებ მოსახლეობას მედიის საშუალებით ეცნობება.

ადამიას თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია აქციის ორგანიზატორებთან და შეატყობინეს, რომ ამ საკითხებზე მუშაობა დაწყებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის ფორმატში გაივლიან თემებს და ორგანიზაციის წარმომადგენლები ამ ფორმატში უფრო მეტ დეტალს გაიგებენ მანამდე, ვიდრე გადაწყვეტილება დამტკიცდება.

რაც შეეხება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მათი განმარტებით, ძუძუს კიბოს მკურნალობის ონკოლოგიურ სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონში მცხოვრებ ქალებზე აისახება და გამოიხატება შემდეგში:

საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, ადრეული მაღალი რისკის მქონე HER+ ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის თარგეთული  მკურნალობის (დამიზნებითი თერაპია- ორმაგი ბლოკადით)  18  ციკლის ჩატარებაა რეკომენდებული. დღეს, რეგიონში მცხოვრები ანალოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ორმაგი ბლოკადით მკურნალობის ჩატარება  ხელმისაწვდომი არაა, რაც  დედაქალაქში (თბილისში) მცხოვრებ პაციენტებთან შედარებით დისკრიმინაცია და უთანასწორობაა. არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა ზრდის დაავადების პროგრესირების და რეციდივის რისკებს მაშინ, როცა, დღეს, ადრეული ძუძუს კიბოს  განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დროს შესაძლებელია ძუძუს კიბოს დამარცხება და ნებისმიერ სტადიაზე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

მეტასტაზური HER2 დადებითი  ძუძუს კიბოს დროს, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს არ აქვთ ოპტიმალური მკურნალობის  შესაძლებლობა: დედაქალაქთან შედარებით განსხვავებულია სამკურნალო ციკლების რაოდენობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 ციკლი, დედაქალაქის პაციენტთათვის კი, 12 ციკლი), რაც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …