იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც დიარჯი ამოქმედდა, კლინიკების მხრიდან გარკვეული ოპერაციების დაფინანსებაზე უარის თქმის შემთხვევები უკვე ფიქსირდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, სამინისტროს ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია აქვს და რეაგირებას ახდენს, მათ შორის – მენეჯმენტის დონეზე.
„გარკვეულ კოდებზე, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ჩართულობას მოითხოვს, კონკრეტულ ჩარევეთან დაკავშირებით გვეუბნებიან, რომ ტარიფი არის დაბალი და ვერ ახერხებენ დაფინანსებას. თუმცა ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ ჯერჯერობით სექტორი კარგად ვერ ხვდება, დიარჯი პრინციპი რას ნიშნავს. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებს ვსწავლობთ და უახლოეს მომავალში გავითვალისწინებთ ან არ გავითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, „დიარჯის“ დაგეგმვის და ამოქმედების პროცესში საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართული და ყველა საკითხს, რომელიც დგება ასოციაციების თუ კლინიკების მხრიდან, სამინისტრო სწორედ ამ ექსპერტებთან გადის.
„ზოგიერთი კლინიკა პაციენტს ეუბნება, რომ კონკრეტული ჩარევა არ უფინანსდება მხოლოდ იმის გამო, რომ მათთვის ამწუთას ზარალიანია. ჩვენ ყველა შემთხვევას ვსწავლობთ. ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობის და კომუნიკაციის შემდეგ საბედნიეროდ 80-90%-ში კომუნიკაცია დგება და სიტუაცია სწორდება. დარჩენილ 10%-თან დაკავშირებით ჩვენ რეაგირებას ვაკეთებთ, კლინიკებს ვაფრთხილებთ, რომ არ შეიძლება პაციენტს, რომელიც მიდის და საყოველთაო პროგრამით ფინანსდება, უარი უთხრან სერვისის გაწევაზე,“ – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.
კითხვაზე, მსგავს შემთხვევებში რამდენად დგება კომუნიკაცია სამინისტროსთან, ღუდუშაური პასუხობს, რომ შეუძლებელია, ეს კომუნიკაცია არ შედგეს იქიდან გამომდინარე, რომ თუ პაციენტს სჭირდება ოპერაცია, კლინიკას არ აქვს უფლება, ის მას ჯანდაცვის სამინისტროში დაწერილი განცხადების გარეშე გაუკეთოს.
„ჩვენ ყველა პაციენტის ისტორია ვიცით. ლაივ რეჟიმში, სამინისტროს მენეჯმენტიც კი ჩართული ვართ და ინდივიდუალურად პაციენტების საკითხებს გავდივართ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ზოგ შემთხვევაში მართლა გაუგებრობას აქვს ადგილი, ზოგ შემთხვევაში უბრალოდ კლინიკას არ უნდა, კონკრეტული ოპერაცია გააკეთოს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვახერხებთ იმას, რომ პაციენტი მაინც კმაყოფილი დარჩეს. იშვიათ შემთხვევაში პაციენტს სჭირდება უკეთესი, ვიპ-მომსახურება, რაც მისი ნებაა და არ გვაქვს უფლება ავუკრძალოთ და თვითონ იხდის თავის სერვისს. ორი თვის განმავლობაში სწორედ იმიტომ ჩავრთეთ საპილოტე რეჟიმი და სანქციებს ამ ეტაპზე იმიტომ არ ვიყენებთ, რომ ვიცოდით, რომ იქნებოდა რაღაც გაურკვევლობები. ჩვენ კლინიკებს ვაფრთხილებთ ამასთან მიმართებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლინიკამ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, იცოდეს, რომ როცა პაციენტი მიდის, მას აუცილებლად უნდა შესთავაზოს ის სერვისი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მათგან ყიდულობს. თუ პაციენტი თავად ითხოვს უკეთეს ვიპ მომსახურებას, მას შეუძლია ისარგებლოს საკუთარი დაფინანსებით, მაგრამ კლინიკა ვალდებულია, საყოველთაოს დაფინანსებით აუცილებლად შესთავაზოს მას სერვისი,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 1 ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.
მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც დაფინანსების ეს სისტემა გულისხმობს, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა.