ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა დადებითად შეაფასა კლინიკა “იუნონას” თერაპევტმა, იმუნოლოგმა ნინო ჯანიაშვილმა. ექიმის თქმით, პირველადი რგოლის განვითარება, მიგვაახლოებს იმ მაღალ სტანდარტებს , რაც ევროპაშია დანერგილი.
“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა საკმაოდ მაღალ დონეზე ფუნქციონირებს ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც თუ უფრო მეტად განვითარდება, ნამდვილად კარგი იქნება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამომდინარე, სტაციონარული მომსახურეობა საკმაოდ კარგ დონეზეა და თუ ამას პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაც დაემატება, ეს მთლიანად სისტემის გაჯანსაღების წინაპირობა გახდება”, –
ამბობს ჯანიაშვილი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ პირველადი რგოლის გაძლიერება სისტემის ხარჯეფექტურობაზეც უდავოდ დადებითად იმოქმედებს.
“როცა მაღალ დონეზე იქნება პროფილაქტიკური მკურნალობა და რეაბილიტაცია, ეს რა თქმა უნდა, სტაციონარული მომსახურების სიხშირეს შეამცირებს. რაც თავის მხრივ გამოიწვევს ხარჯების შემცირებას. მოგეხსენებათ, სტაციონარში მკურნალობა გაცილებით ძვირი ჯდება, – ამბობს მედიკოსი.
ჯანიაშვილის აზრით, პირველადი რგოლის წარმატებით განსახორციელებლად ერთ–ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება პირველადი რგოლის ექიმების მაღალ დონეზე დატრენინგება. „მათ ძალიან დიდი მისია აკისრიათ, ამიტომ კვალიფიკაციაც შესაბამისი უნდა ჰქონდეთ. გარკვეული ტრენინგების ჩატარება ნამდვილად სასიკეთოთ იმოქმედებს ამ პრობლემაზე”, – მიაჩნია ჯანიაშვილს.
ნინო ჯანიაშვილმა ასევე მოკლედ შეაფასა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაც და აღნიშნა, რომ ამ რეფორმამ მკვეთრად შეცვალა რეალობა და დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას.
“პირადად მე კერძო სტრუტურაში ვმუშაობ და აქტიურად არ ვარ ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ პროგრამამ ნამდვილად დიდი შვება მისცა პაციენტებს. ზოგიერთი ადამიანი სიდუხჭირის გამო უბრალოდ ვერ ახერხებდა სათანადო მკურნალობის ჩატარებას და ძვირადღირებული ოპერაციების გაკეთებას. დღეს უკვე შეიცვალა რეალობა და ნებისმიერ ადამინს შეუძლია მიხედოს საკუთარ თავს. ეს, რა თქმა უნდა ძალიან, დასაფასებელია”, – აღნიშნავს იგი.