რეფორმის კონკრეტულ გეგმას საზოგადოება ოქტომბრის ბოლოს გაეცნობა. ცვლილებებმა შედეგად უნდა მოიტანოს პირველადი რგოლის სერვისებზე გოგრაფიული წვდომის ზრდა, ექიმებისა და ექთნების ღირსეული ანაზღაურებით უზრუნველყოფა, ასევე მათი კვალიფიკაციის ამაღლება და ამბულატორიების სათანადოდ აღჭურვა.
პირველადი რგოლის რეფორმის მზადებაში ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციებს საერთაშორისო კომპანია “გლობალ ალიანსი” უწევს.პირველადი რგოლში არსებულ მდგოამრეობაზე ოჯახის ექიმის გარდაბნიდან, ქეთევან შალიკაშვილის თქმით, რაიონულ ცენტრებში ოჯახის ექიმებს და ზოგადად ჯანდაცვის პირველად რგოლს მეტი ყურადღება სჭირდება.
“ოჯახის ექიმი პირველი ადრესატია, რომელთანაც პაციენტი მიდის. თუმცა ჩვენ არ გვაქვს საკმარისი და სათანადო აპარატურა, რომ დიაგოზი მაქსიმალურად ზუსტად დავსვათ და იძულებულები ვხდებით ხოლმე ჰოსპიტალიზაცია მოვახდინოთ მაშინ, როცა რეალურად ამისი საჭიროება არ არსებობს.
მთელი რიგი გამოკვლევების ჩატარება უნდა ხდებოდეს ადგილზეც, მთავარია ტექნიკურად აღჭურვილი იყოს დაწესებულება, თორემ ოჯახის ექიმების აბსოლუტური უმრავლესობა გადამზადებულია და სატანადო კვალიფიკაციისაა. თუ ჯანდაცვის სამინისტრო მოახერხებს ამბულატორიების ლაბორატორიების სათანადოდ აღჭურვას, მაშინ მართლა ნორმალურად იქნება ჩვენი საქმე.
აღარ გაგვიჭირდება დიაგნოზის დასმა და არც პაციენტს დასჭირდება რაიონიდან თბილისში სიარული ელემენტარულ გამოკვლევებზე”, – აცხადებს შალიკაშვილი.
ექიმი განმარტავს, რომ არის სხვა ხარვეზებიც. მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოიმატოს ოჯახის ექიმის ანაზღაურებამაც.
“კომუნალური და სამგზავრო ხარჯების გადახდაც ჩვენი ხელფასიდან გვიწევს. 130 ლარს, საშემოსავლოსაც ამ თანხიდან ვიხდით და გამოდის, რომ თვეში მაქსიმუმ 400-500 ლარი გვრჩება, არადა პასუხისმგებლობა დიდია. მთელი ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოგვცეს ექიმის ჩანთა. ამას ხომ მუდმივად სჭირდება მედიკამენტებით შევსება, რაც არ განმეორებულა და არავის უკითხავს, როგორ ვმუშაობთ.
რეგიონებშია ძირითადად ასეთი მდგომარეობა, დედაქალაქში ოჯახის ექიმებს ასე არ უჭირთ დიაგნოზის დასმა. იქვე აქვთ აპარატურა, ვიწრო სპეციალობის ექიმებიც ახლოს არიან და სწრაფად და ხარისხიანად ემსახურებიან პაციენტებს”, – აღნიშნავს შალიკაშვილი.
მისი თქმით, არანაკლებ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში მედიკამენტების სიძვირე.
“არ ვიცი რა მექანიზმით უნდა დარეგულირდეს ეს პრობლემა, მაგრამ სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რომ გაჭირვებული მოსახლეობისთვის გამონახოს სხვადასხვა შეღავათები. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან თანაგადახდა მედიკამენტებზე, რომ 50 პროცენტით მაინც დააფინანსონ გაჭირვებული პაციენტები.
რა აზრი აქვს დანიშნულების მიცემას, თუ პაციენტი ნორმალურ წამალს ვერ იყიდის?! ის ფაქტი, რომ ხარვეზებზე ვსაუბრობთ, არ ნიშნავს იმას, რომ წინ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა აღვნიშნოთ. მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის უნიკალური პროგრმა და მისი სიკეთე, ოჯახის ექიმებისთვის შედარებით გაზრდილი ანაზღაურება, C ჰეპატიტის ელიმინაციის ასევე უნიკალური პროგრამა. ეს უდავოდ სერიოზული ნაბიჯებია, რომელიც უნდა გაგრძელდეს და დაიხვეწოს. სამედიცინო საზოგადოებას სწორედ ამისი იმედი აქვს”, – აცხადებს ქეთევან შალიკაშვილი.