მთავარი » რეფორმები » რა ხარვეზებია ჯანდაცვის პირველადი რგოლის გამართულ ფუნქციონირებაში?
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ დიდი გარღვევა გააკეთა სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ყ

რა ხარვეზებია ჯანდაცვის პირველადი რგოლის გამართულ ფუნქციონირებაში?

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ დიდი გარღვევა გააკეთა სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ყველა თანხმდება, რომ მიუხედავად ტექნიკური ხასიათის გარკვეული ხარვეზებისა (რიგები დოკუმენტაციის ჩაბარებისას, გაზრდილი მიმართვიანობის გამო შექმნილი ორგანიზაციული პრობლემები ჰოსპიტალებში და სხვა) პროგრამა წარმატებით მუშაობს.

სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა ვერ ჩაითვლება ჯანმრთელ საზოგადოებად. დამკვიდრებული მენტალობიდან გამომდინარე, ადამიანი ექიმს აკითხავს მხოლოდ მაშინ, როცა ჯანმრთელობის პრობლემა უკიდურესად უმწვავდება და ასეთ შემთხვევებში, ხშირად რადიკალური ჩარევები ხდება საჭირო.

საყოველთაო პროგრამა 70-იდან 90 %-მდე (პენსიონერებისა და სხვა კატგორიის შეღავათის მქონეთათვის) აფინასებს გეგმიურ ოპერაციებს, ურგენტულ, ანუ გადაუდებელ შემთხვევებს კი 100%-ით და ეს უზარმაზარი შვებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც შეჭირვების გამო სამედიცინო სერვისის მიღებას უბრალოდ ვერ ახერხებდა. ასეთი კი ცოტა არ არის.

ალბათ გარკვეული დრო გავა, სანამ ჩვენი საზოგადოება ჯანდაცვის კულტურას აიმაღლებს და ცხოვრების ჯანმრთელი წესის მიმდევარი გახდება და ავადმყოფობის პრევენციაზე უფრო მეტის დახარჯვა არ დაენანება, ვიდრე მედიკამენტებზე.

სადღეისოდ, ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 50%-ზე მეტი სწორედ მედიკამენტებზე მოდის და ეს განვითარებული ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, შეუსაბამოდ დიდი ციფრია. რა თქმა უნდა, აქ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის შეუქცევადი ზრდის პროცესსაც.

რა თქმა უნდა, მართებულად უნდა ჩაითვალოს ჯანდაცვის მესვეურთა გადაწყვეტილება, რომ საყოველთაო პროგრამის მეშვეობით დარეგულირდა ყველაზე მწვავე მიმართულება და უხეში გათვლებითაც კი ამ პროგრამის დამსახურებაა 8 000 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება.

დღის წესრიგში დგას ჯანდაცვის პირველადი რგოლის გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას აქაც აქვს თავისი კეთილმყოფელი გავლენა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მთელ მოსახლეობას, სოფლადაც და ქალაქადაც, საშუალება აქვს პროგრამის ფარგლებში მიმართოს ოჯახის ექიმს (სოფლის ექიმს), მიიღოს პირველადი სამედიცინო სერვისი და საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმისავე მიმართვის საფუძველზე, გადამისამართდეს შესაბამისი პროფილის ჰოსპიტალში შემდგომი მკურნალობისთვის.

ჯანდაცვა ოჯახის ექიმის ინსტიტუტიდან იწყება. ოჯახის ექიმი არის ადამიანი, რომელთანაც პაციენტი ხვდება ასაკისა და სქესის მიუხედავად და რომელიც ფლობს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამოწმებულ სერთიფიკატს, რაც მის განათლებას, კვალიფიკაციას, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებებში წვდომის სათანადო ხარისხს და შესაბამის უნარ-ჩვევებს ადასტურებს.

სისტემა, კონცეპტუალური თვალსაზრისით, სწორია. მთავარია ის, თუ რამდენად გამართულად მუშაობს დღეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი.

საქმე ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის პირველადი რგოლი საყოველთაობის სიტემაზე გადავიდა, მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა და შესაბამისად, სისტემის გამტარუნარიანობა შემცირდა. მართალია, გაიზარდა ოჯახის ექიმების რაოდენობა, იმ ამბულატორიებისა და პოლიკლინიკების რაოდენობაც, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის კომპონენტს ახორციელებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ყველა მოქალაქეს ეხება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, მიმართვიანობა არის ძალიან მაღალი და შედეგად იქმნება რიგები.

ეს მომენტი თავისთავად ნეგატიურად აისახება ოჯახის ექიმების პროდუქტიულობაზეც. ეს, ბუნებრივია, გარკვეული ხარვეზია ამ სისტემის. ამას ემატება სამედიცინო სერვისების მიღების დაბალი კულტურა. ანუ ის, რომ ადამიანი ფიქრობს – ჩართული ვარ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, შესაბამისად, მეკუთვნის ყველაფერი უფასოდ (რეალურად, ბიუჯეტის ხარჯზე) და ამიტომ რატომაც არ უნდა მივმართო პოლიკნინიკას, თუნდაც თითის წამოტკივებაზეც?!

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ეს კომპონენტი დაიხვეწება და პაციენტები სამედიცინო სერვისის მიღებას აუცილებელი საჭიროებების დროს მიმართავენ და დღეს არსებული პრაქტიკა, ამ თვალსაზრისით, შეიცვლება.

მაგრამ მანამდე, და კიდევ, იქამდე, სანამ ოჯახის (სოფლის) ექიმები გარანტირებულნი იქნებიან თავიანთი შრომის ღირსეული ანაზღაურებით, ისინი, ძირითადად, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და საქმისადმი თავდადების ხარჯზე, პრაქტიკულად უფასოდ მუშაობენ.

გადავხედოთ იმ სისტემას, რომლის მიხედვითაც ოჯახის ექიმის შრომა ფასდება. ერთი წელი გასრულდა, რაც სოფლად ექიმებსა და ექთნებს ხელფასები 30%-ით გაეზარდათ და დღეს სოფლის ექიმის ანაზღაურება 650, ხოლო ექთნის კი 450 ლარს შეადგენს.

თუ ამას დავუმატებთ, რომ მათ უკვე უნაზღაურდებათ გაწეული კომუნალური და საკანცელარიო ხარჯი, ასევე ექიმის ჩანთის შევსებისა და განახლების ხარჯები, უნდა ითქვას, რომ მათი მდგომარეობა მატერიალური თვალსაზრისით, გაუმჯობესებულია. დღეს საქართველოში სოფლის ექიმებისა და ექთნების ჯამური რაოდენობა სამი ათასს აჭარბებს.

რაც შეეხება ქალაქად ოჯახის ექიმის ბედს, აქ ვითარება ამგვარია. – ოჯახის ექიმის ანაზღაურება მიბმულია მასზე მიწერილი იმ ბენეფიციარების რაოდენობაზე, რომლებიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში. თითოეულ ბენეფიციარზე პროგრამას ყოველთვიურად გამოყოფილი აქვს 1,93 ლარი (ვეტერანების შემთხვევაში -2.15 ლარი).

ეს თანხა მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის ობიექტს და სწორედ ამ ობიექტის მეპატრონისა და მენეჯმენტის პრეროგატივაა, რა %-ით დააფინანსებს ოჯახის ექიმის შრომას. როგორც წესი, ოჯახის ექიმს ამ თანხიდან 10-12%, საშუალოდ, ხელზე ასაღები-19-20 თეთრი ერგება, ექთანს, ამის ნახევარი.

ანუ, ვთქვათ, ოჯახის ერთ ექიმზე გაპიროვნებულია 2000 ბენეფიციარი. ამ შემთხვევაში მისი ყოველთვიური ხელზე ასღები ხელფასი გამოდის 400 ლარი, ექთნისა კი 200 ლარი. რამდენად ღირსეულია ეს ანაზღაურება, ვფიქრობ, განსჯად არ ღირს.

რატომ ხდება ასე? – სფეროს ექსპერტები შექმნილ მდგომარეობას შემდეგ ფაქტორებს უკავშირებენ. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების 90%-მდე არის კერძო საკუთრებაში, მას მართავენ ბიზნეს-კომპანიები, რომელთა ნაწილსაც ამ ობიექტების სათანადოდ მოწყობაში გარკვეული საინვესტიციო ხარჯიც აქვთ გაწეული.

ბუნებრივია, ბიზნესის კანონებიდან გამონდინარე, მეპატრონე ცდილობს, შეძლებისადგავარად მოკლე დროში აინაზღაუროს ინვესტირებული და გავიდეს მოგებაზე. ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი სამედიცინო პერსონალის ხარჯზე ხდება, შესაბამისად კლებულობს მათი მოტივაცია, რაც ასევე შესაბამისად და ნეგატიურად აისახება სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე, ანუ პაციენტებზე.

ფაქტია, სახელმწიფოს, ამ პროცესის ხელშემშლელი ან მარეგულირებელი რაიმე ბერკეტი, კანონმდებლობით არ გააჩნია. პირველად ჯანდაცვაში ბიზნესის მგლური კანონები მოქმედებს და როგორც ბიზნესში ხდება, აქაც, წარმატება მენეჯმენტის სწორ გათვლებზეა დამოკიდებული. ასეთ გათვლებს, კი პირველადი ჯანდაცვის ბიზნესი (გამომდინარე დასაქმებულთა ხელფასებიდან), როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში, ვერ აკეთებს.

თუმცა არის გამონაკლისებიც. მაგალითად, დედაქალაქში არსებობს პირველადი ჯანდაცვის ობიქტი, სადაც ოჯახის ექიმზე გაპიროვნებული 1500-2000 პაციენტის შემთხვევაში, ოჯახის ექიმის ანაზღაურება თვეში 1500 ლარს აღწევს.

როგორ ხდება ეს? – უბრალო არითმეტიკის შედეგად. კერძოდ, – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თითოეულ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხიდან ოჯახის ექიმის წილად მიდის არა 10, არამედ 40 %. შედეგი კი არის ის, რომ ამ პოლიკნინიკაში მუშაობენ ქალაქში ყველაზე სახელიანი და გამოცდილი ოჯახის ექიმები და პედიატრები, ხოლო მიწერილი ბენეფიციარების საერთო რაოდენობა 50 000 ადამიანს აჭარბებს. ეს არის გრძელვადიანი ბიზნეს-გათვლის და სწორი მენეჯმენტის შედეგი.

არ ვიცი, რამდენად მართებულია, მაგრამ „მოყვარეს პირში უძრახეს” პრინციპით, ალბათ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პოლიკნინიკის მეპატრონე საქართველოს მოქალაქე არ არის.

უნდა ვიფიქროთ და იმედიც უნდა ვიქონიოთ, რომ კონკურენცია გამძაფრდება და შესაბამისად, სამედიცინო ბიზნესში ჩართული ჩვენებური მეწარმეებიც იძულებულნი გახდებიან და საკუთარ ბიზნეს-გათვლებს მათი ბიზნესის მთავარი კომპონენტების, მედიკოსთა და პაციენტთა ინტერესების ხარჯზე ნაკლებად ააგებენ.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …