ადამიანები არ უნდა იყვნენ ჩავარდნილები საწოლად და არ უნდა ხარჯავდნენ უკანასკნელ კაპიკებს მკურნალობაში. ასეთ შეფასებას აკეთებს ჯანდაცვის პირველადი რეფორმის შესახებ ექსპერტი ვაჟა ბერიძე, იგი ასევე დადებითად აფასებს საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.
– პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაწყებულია. ჯანდაცვის სამინისტროს ეს რეფორმა, C ჰეპატიტისა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამებთან ერთად, პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. რამდენად სწორად აქვს სამინისტროს არჩეული პრიორიტეტები?
–ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ისინი ძალიან საჭიროა და მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალის მხრიდან არის ინიცირებული, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რასაც ჯანდაცვის სამინისტრი ახორციელებს და რაც მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს, არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე.
ჩვენ სოციალური სტაბილურობის ნიშანთან ვართ. ადამიანები არ უნდა იყვნენ ჩავარდნილი სასოწარკვეთილებაში, ისინი არ უნდა ხარჯავდნენ ბოლო კაპიკს წამლებსა და დაავადების მკურნალობაში. ამ თვალთახედვით, დადებითად უნდა შეფასდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც უკვე აპრობირებულია საქართველოში.
ამ საკითხში საზოგადოების წევრებიც და ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი თანხმდებიან და ერთხმად აცხადებენ, რომ ეს პროგრამა სოციალური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. ერთი ის არის, რომ ხშირად ოპოზიციური ძალების გულშემატკივრები ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ძნელია ამ პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა.
დიდი ბრიტანეთის და გერმანიის მაგალითი რომ მოვიშველიოთ, მათაც უჭირთ ასეთი საყოველთაო პროგრამების განხორციელება მათი გამართული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მაგრამ იქ მოქმედებს უფრო მოქნილი დაზღვევის სისტემა, რომელიც მოქალაქეებს არ ტოვებს ჯამრთელობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე. ასე, რომ ბიუჯეტის თანხების სიმცირის მიუხედავად, მსგავსი პროგრამები მაინც უნდა განხორციელდეს.
რაც შეეხება ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას, ვფიქრობ, იგი სწორედ პირდაპირ კავშირშია იმ ხარჯების შემცირებასთან, რომელსაც იწვევს, ვთქვათ, იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
თუ ჩვენ წარმატებით შევძელით პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფომირება, მაშინ უკვე სერიოზული პრობლემები შემცირდება. დღეს თუ ყველაზე დიდი დანახარჯები მიდის გადაუდებელ ქირურგიულ და ამღალტექნოლოგიურ ჩარევებზე, მომავალში ეს დანახარჯები შემცირდება და ამას სწორედ პირველადი ჯანდაცვის გამართულად მომუშავე სისტემა შეამცირებს.
– რა სირთულეების გადალახვა მოუწევს ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის განხორციელებისთვის?
-ზოგადად, პირველადი ჯანდაცვა არის სერიოზული თემა. კარგია, რომ მთავრობამ ამ ეტაპზევე მიაქცია მას ყურადღება და დაიწყო რეფორმების განხორციელება. ეს სფერო სამწუხაროდ წინა წლებში, შეიზლება ითქვას, გავერანდა. ბევრი რამ მოუწესრიგებელი იყო. ოჯახის ექიმების ინსტიტუტის მოშლამ და პრევენციის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ ადამიანი ხშირად პირდაპირ დგება გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე.
ადამიანებმა ვერ გამოვიმუშავეთ უნარი, რომ სანამ დაავადება მივა მწვავე სტადიამდე, იქამდე მივაკითხოთ ექიმს, მივიღოთ მისგან რჩევები და ჩავიტაროთ გარკვეული კვლევები და მკურნალობა, რაც სირთულეებს აგვაცილებს თავიდან.
ვფიქრობ, საწყის ეტაპზე საჭირო იქნება პოლიკნინიკებისა და განსაკუთრებით სოფლად, ამბულატორიების გარკვეული ინფრასტრუქტურული მოწყობა და მათი სათანადო სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა. ვინაიდან, როგორც რიგითი ექიმები აცხადებენ ბევრ რეგიონში ელემენტარული პირობებიც კი არ არსებობს. შემდგომი ეტაპი, ალბათ, ოჯახისა და სოფლის ექიმების გადამზადება და პირველადი რგოლის ახალი კვალიფიკაციური კადრებით უზრუნველყოფა უნდა იყოს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გამოიწვევს დანახარჯების შემცირებას მთლიანად სისტემაში, აამაღლებს ჩვენი საზოგადოების ყოფით კულტურას და გავხდებით უფრო ჩამოყალიბებულები ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით.
– თქვენი აზრით, რა პერიოდი დასჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოახდინოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გამართულად ამუშავება?
– ვფიქრობ, რომ წინარე მოსამზადებელი სამუშაოებისთვის საჭირო იქნება დაახლოებით 6 თვე. ამ დროში მოხდება იმ კონტურების გამოკვეთა, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს. რამდენადაც ვიცი, უკვე შედგა კონტაქტი პირველადი რგოლის წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის, სადაც მოხდა პირველადი რგოლის რეფორმასტან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საბოლოო შედეგების მისაღწევად ვფიქრობ, რომ 2 წელი საკმარისი დრო უნდა აღმოჩნდეს.
– რას იტყვით ექიმების ანაზღაურების საკითხზე?
– ბუნებრივია, სათანადო და ღირსეული ანაზღაურების გარეშე, განსაკუთრებით რეგიონებში, ადამიანების დასაქმება ძნელი იქნება. გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც ჰყავს ამ სფეროს, ნამდვილად იმსახურებენ სათანადო ხელფასს. მეორეს მხრივ, უნდა მივაქციოთ ყურადღება მათი შრომის ანაზღაურების ახალი სისტემის დანერგვას, ეს იქნება დაკავშირებული პროფესიულ ზრდასთან თუ სხვა რაიმე პრინციპს დაეყრდნობა.