ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.
“ნამდვილად რთული იყო, რომ ერთ საათამდე პერიოდში წარმოგვედგინა ძირითადი საკითხები, რეფორმების მთავარი პუნქტები, როგორიც იყო საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა, წარმოვადგინეთ და მივაწოდეთ საზოგადოებას ეს ინფორმაცია”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
სამწლიანი მუშაობის ანგარიშში მოხვდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. როგორც მინისტრმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საკმაოდ ბევრმა პაციენტმა ისარგებლა. ყველაზე მეტმა კი გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით ისარგებლა.
მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო რეცეპტების ინსტიტუტი, რამაც მისი აზრით, საგრძნობლად შეამცირა სააფთიაქო ნარკომანია. სერგეენკოს თქმით, რეგიონებში მოხდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ანაზღაურება, ასევე, შეიქმნა სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამა.
დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის სოციალური დანახარჯები გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობის სამწლიან ანგარიშს ასევე ესწრებოდნენ ექიმები, მინისტრთა კაბინეტის წევრები.