ის მონაპოვარი, რაც ქვეყანას საყოველთაო ჯანდაცვის სახით აქვს ბოლო 8-9 წლის განმავლობაში, აჩვენებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს შესაძლებლობა, სრულად დააფინანსოს მოქალაქეებისთვის გაწეული სერვისი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა კერძო კლინიკების ხელმძღვანელების განცხადებებთან დაკავშირებითაც, რომელთა თანახმად, ისინი დღემდე 2013 წლის ტარიფებით ოპერირებენ, რაც ხარისხიანი მომსახურების გაწევის პირობა ვერ იქნება.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, ხშირადაა საუბარი, რომ კლინიკები 2013 წლის ტარიფებით მუშაობენ, რაც ასე არ არის.
„შეიძლება ათასობით ტარიფიდან 10% იყოს 2013 წლის ტარიფები, მაგრამ ძირითადი ნაწილი რაცაა, ის ეტაპობრივად იცვლებოდა სახელების გადარქმევის, ანაზღაურების გაზრდის ხარჯზე. ამიტომ, იმით ვსპეკულირებდეთ, რომ 2013 წლის ტარიფია 2022 წელს, ეს ასე არაა. ნაწილი შესაძლოა ასე იყოს, მაგრამ ის სატარიფო სისტემა, რასაც დავნერგავთ, ამასაც გაასწორებს,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ გვაქვს ფაქტები, როცა სხვადასხვა კლინიკები სახელმწიფოს მიერ დადგენილ ტარიფებს ამატებენ „ვიპ“ სევისებს, „ვიპ“ ოთახებს და ექიმის განსაკუთრებულ მომსახურებებს, რის შედეგადაც მოქალაქეებისგან იღებენ დამატებით ჰონორარებს და ანაზღაურებას, რაც ყოვლად მიუღებელია.
მინისტრის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით სამინისტროში ბევრი საჩივარია შესული. „ამასაც დაჩქარებულად გავივლით და ასეთი ყოველი ფაქტი უკან დაუბრუნდება მოქალაქეს, მაგრამ სამწუხაროდ არ უნდა იყოს ასეთ ფაქტები, რომ მხოლოდ უკან დაბრუნებით დასრულდეს,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფით მუშაობდეს და მოქალაქე თანხას არ ამატებდეს.