უარესდება თუ უმჯობესდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია? ამ კითხვაზე ჯანდაცის სამინისტროს და მისსადმი დაქვემდებარებულ უწყებას – დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები აქვთ.
23 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისი უწყება სრულად აკონტროლებს ეპიდსიტუაციას, ასევე მართავს საწოლფონდსაც. მეტიც – მისი თქმით, ქვეყანაში მეხუთე ტალღა არ დაწყებულა.
„ვთვლი, რომ ეს ტალღა, რომელიც რეალურად არის მეოთხე ტალღის გაგრძელება და არანაირად არ გახლავთ მეხუთე ტალღა, იმ შესაფერის პირობებში დაიძლევა, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვატარებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძის განცხადებით, ვინაიდან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტმა ერთი კვირის განმავლობაში დაიწია, არსებობს მოლოდინი, რომ კიდევ დაიწევს, რაც მისი თქმით, არ არის საფუძველი, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს.
„ჩნდება მოლოდინი, რომ აბსოლუტურ რიცხვში შემდეგი კვირის ბოლოს გვექნება დაბალი მაჩვენებლები. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავთ იმის საფუძველს, რომ დაწესდეს დამატებითი შეზღუდვები“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
„გაზრდილია რეპროდუქციის ინდექსი, რაც, რა თქმა უნდა, პროგნოზულად ცუდია,“ – ეს განცხადება კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ტიკარაძის განცხადებიდან რამდენიმე საათში გააკეთა. ეს სწორედ ის ის კოეფიციენტია, რომლის შემცირებაზეც ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.
გამყრელიძე აქცენტს დადებითობის მაჩვენებელზეც აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია რთული და საგანგაშოა.
„ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი მერყეობს 4-5 ათასის ფარგლებში… არის დადებითობის მაჩვენებელი, გაზრდილია, ბოლო ორი კვირის არის 9-10 პროცენტი. რაც მთავარია, გაზრდილია რეპროდუქციის ინდექსი, რაც, რა თქმა უნდა, პროგნოზულად ცუდია, რადგან ეპიდსიტუაცია ალბათ კიდევ უფრო დაიძაბება. მით უმეტეს, რომ აცრის მაჩვენებელი ვერაფრით ზევით ვერ მიდის. მიუხედავად ბევრი ახსნა-განმარტებისა, თხოვნისა, მოწოდებისა, სოფლებში სიარულისა, მარათონის წარმოებისა, მაინც ყოველდღიურად 4-5 ათასის ფარგლებშია, ოქტომბრის საშუალო კი ჩამოვიდა 6 000-ზე, როცა ჩვენ სექტემბრის საშუალო გვქონდა 19 000. ამ რიცხვებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
რას ამბობს სტატისტიკა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ, კოვიდ-სტატისტიკის საიტზე datacov.moh.gov.ge-ზე ყოველდღიურად ახლდება?
აღნიშნული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფექციის რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ის რამდენიმე დღის წინ 1,7-ს აღწევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 ინფიცირებული 17 ადამიანს ავირუსებდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 1-ია, ანუ 10 ადამიანი 10 ადამიანს აინფიცირებს. თუ ეს მაჩვენებელი 1-ს ჩამოსცდება, ეს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვან კლებას გამოიწვევს.
დადებით ტენდენციებს შორის აღსანიშნავია ის,რომ პირველად 4 ოქტომბრის შემდეგ,აქტიური შემთხვევების რაოდენობა უკვე მეორე დღეა მცირდება და დღეს 47500-ს აღწევს.
რაც შეეხება აცრებს, გუშინ 1877 აცრილს შორის პირველი აცრა მხოლოდ 678-მა ადამიანმა ჩაიტარა.