მოლოდინი, რომ ვაქცინაციის ტემპი შედარებით დაიკლებდა, გვქონდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გაზრდილი კომუნიკაცია პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, ვინაიდან ეს არის ის ხალხი, ვინც უნდა აწარმოონ კომუნიკაციები და არა მარტო კომუნიკაციები, არამედ ახსნა-განმარტებები და საინფორმაციო კამპანიები მოსახლეობასთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვაქცინაციის ტემპს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან. მათ გაცემული აქვთ როგორც დავალებები, ასევე მიცემული აქვთ მითითებები, როგორი უნდა იყოს მათი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ასევე, ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, რომელ რეგიონში და რომელ უბანზე არის დაბალი აქტივობა. სწორედ ამით ხელმძღვანელობენ პირველადი ჯანდაცვის ექიმები. მნიშვნელოვანია, მათი გააქტიურებით მოხდეს ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ 60 წელს ზევით მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილი არის ვაქცინირებული. ჩვენთვის კრიტიკული არის სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა, ვინაიდან სწორედ ამ ჯგუფში არის მაღალი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა. თუ არ მოხდა ამ ჯგუფის მაქსიმალური მოცვა შემდგომი ტალღის პერიოდშიც, მიუხედავად იმისა, რა მაჩვენებელი გვექნება ჩვენ შედარებით ახალგაზრდების ჯგუფში, ჩვენ მაინც გვექნება გადატვირთული ჰოსპიტალები და საკმაოდ მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. დღესდღეობით, 60 წლის ზევით მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მხოლოდ 21%, რაც ნამდვილად ძალიან დაბალია. ამ ეტაპისთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია ჯერ ოპტიმალურად გამოყენებული იყოს საკონსულტაციო რესურსი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, ექიმების და მასწავლებლების აცრის ტემპები დამაკმაყოფილებელი არ არის.
„სასურველია უკეთესი და ნამდვილად ვერ ვიქნებით იმ მაჩვენებლებით კმაყოფილი, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა. არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან საკმაოდ გონიერები, ისინი ზრუნავენ, როგორც საკუთარ თავზე, ასევე ნათესავებზე და იმ საინფორმაციო არხებით, რომელიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციასთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საკომუნიკაციო კამპანია ცუდად ჩატარებული არ იყო. რაც შეეხება სხვა შტამების გავრცელებას, ამ ეტაპისთვის რისკი არ ჩანს, თუმცა იმის მიხედვით, თუ რა თვისობრიობით იქნებიან ის შტამები დახასიათებილი, გარკვეული რისკი შეიძლება გაჩნდეს შემდეგში“, – განაცხადა ტიკარაძემ.