ჯანდაცვის სამინისტროსადმი ჯანდაცვის ასოციაციაში შემავალი კლინიკების ერთერთი შეთავაზებაა, არ გავრცელდეს კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) ვალდებულება კლინიკების აფთიაქებზე.
ასოციაციის წევრებსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეების – თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურის შეხვედრა გუშინ შედგა.
შეხვედრასთან დაკავშირებით ასოციაციამ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, შეხვედრაზე მსჯელობა იყი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
520 დადგენილების ინტენსიური და რეანიმაციული კოდების ანალიზი;
კოვიდის მართვის ტარიფები;
დრჯ სიატემის დანერგვა და კოდების დაჯგუფების პრინციპი:
კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის არ გავრცელება კლინიკების აფთიაქებისთვის.
„ჯანდაცვის ასოციაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს სახელმწიფო უწყებებთან და სამუშაო პროცესში, მიმდინარე საკითხების გადაჭრის გზების განხილვა უმეტესად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ხდება,“ – განაცხადეს ასოციაციაში.
კერძო კლინიკები ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე თემაზე კომუნიკაციას სთხოვდნენ.
კერძოდ, მათი თქმით, იმის შესახებ, რომ სახელმწიფო კოვიდ-კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადადიოდა, სამედიცინო დაწესებულებებმა კონტრაქტის შეწყვეტამდე 5 დღით ადრე გაიგეს, რამაც ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
რაც შეეხება დაფინანსების მოდელს, პანდემიის დროს სახელმწიფო კლინიკებისგან კოვიდისთვის საწოლფონდს ქირაობდა და ამ ქირაში იხდიდა გარკვეულ თანხას, დამატებით კი კონკრეტული პაციენტების მკურნალობის თანხებს ანაზღაურებდა.
ახლა კი მოხდება კოვიდის, როგორც რიგითი ნოზოლოგიის განფასება.