ჯანდაცვა პრაქტიკულად არ მუშაობდა და მედიცინა უფასო არ იყო რეფორმამდე აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
უკრაინულ გამცემა “იზვესტია ვ უკრაინე”-სთვის მიცემულ ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა კიევისთვის სხვა ქვეყნის რეფორმების “კოპირების” საჭიროებაზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ გამოადგება უკრაინას სააკაშვილის რეფორმები. წულუკიანმა უკრაინულ გამოცემასთან სხვა სფეროებთან ერთად, ჯანდაცვის რეფორმაზე ისაუბრა.
“შიში და რეპრესიები იყო სააკაშვილის რეფორმების ლაიტმოტივი. რეფორმირებამდე, ჯანდაცვა, პრაქტიკულად, არ მუშაობდა. მედიცინა, უფასო არ იყო და ხალხი, ვისაც ფული არ ჰქონდა სამედიცინო დახმარების მიუღებლობის გამო იღუპებოდა.
ხალხი იღებდა კრედიტებს, რათა მკურნალობა შესძლებოდათ. შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში მოვიდა ბატონი სერგეენკო, რომელსაც უკრაინული ფესვები აქვს. ბაბუამისი, ქუთაისის გუბერნიაში ექიმად მუშაობდა. სერგეენკომ 2013 წელს დაიწყო სოციალური და ჯანდაცვის სფეროს რეფორმა. სახელმწიფომ, დაზღვევის მეშვეობით, დაიწყო სამედიცინო მომსახურების ღირებულების 70 პროცენტის დაფინანსება, 30 პროცენტს კი მოქალაქე თვითონ იხდის. ეს სახელმწიფოს ძვირი უჯდება, მაგრამ ჩვენ გავაანალიზეთ რა სიტუაცია, მივედით დასკვნამდე, რომ ამის წყალობით 8 ათასი ადამიანი გადარჩებოდა, რაც მეტად მნიშვნელოვანია დიდი დემოგრაფიული პრობლემების მქონე პატარა ერისთვის.
ჩვენთან სახელმწიფომ დაიწყო მშობიარობის დაფინანსება და იმ მოქალაქეებმა, რომელთაც ფინანსური პრობლემების გამო, არ შეეძლოთ შვილები გაეჩინათ, ამის შესაძლებლობა მიიღეს. ასევე, მესამე და მეოთხე შვილზე დავიწყეთ დახმარების გადახდა, რომელიც მეტია მთიანი რაიონისთვის და შედარებით ნაკლები ქალაქებისთვის. ჩვენ უარი ვთქვით ლიბერტარიანულ სისტემაზე, როდესაც ყოველმა ადამიანმა საკუთარი თავი თვითონ უნდა გადაირჩინოს. ჩვენ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი გვაქვს და სამედიცინო რეფორმა მისი ნაწილია” – განაცხადა წულუკიანმა.