ჯერჯერობით არ ჩანს კორონავირუსის ახალი მუტაცია, რომელიც ისეთ საფრთხეს შექმნიდა, როგორიც დელტა ვარიანტმა შექმნა, რაც საიმედო ტენდენციაა. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ვაქცინაციის კაბინეტებს ძალიან ცოტა ადამიანი მიმართავს, თუმცა ეს ციფრებიც კი არაა რეალური, რადგან მათ შორის პირველ დოზაზე მისული არის 20-30%, რაც ნიშნავს, რომ აცრების ტემპები კიდევ უფრო შემცირდება და ჯერჯერობით მატებისკენ ტენდენციას არ ამჟღავნებს.
ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპების დაჩქარების კუთხით იმედისმომცემია იმუნიზაციის მარათონი, რომლის ფარგლებში სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილზე დადიან და ადამიანებს ვაქცინაციის აუციებლობაში არწმუნებენ, პარალელურად კი მათ ადგილზე ცრიან. თუმცა იმუნოლოგი ამბობს იმასაც, რომ ამ კვირაში გამოჩნდება მოგვცა თუ არა შედეგი აღნიშნულმა პროექტმა. ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ თუ ამ პერიოდში იქნება მატების ტენდენცია და დღეში 6-7-10 ათას ვაქცინირებულზე ავალთ, დჩრება იმედი, რომ ამ გზით იმუნიზაციის სამიზნე მიღწეული იქნება, არსებული ტემპების პირობებში კი ეროვნული გეგმა -ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა წლის ბოლომდე – რა თქმა უნდა ვერ შესრულდება.
ამ პირობებში ივანე ჩხაიძე იმედებს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ უახლოესი დღეების, კვირების და თვეების განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ელოდება ახალი მუტაციის გავრცელებას. ამიტომ, როგორც ჩხაიძე ამბობს, 17 აგვისტო, როცა ქვეყანაში ინფიცირების 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, პანდემიის პიკი იქნება და ამაზე მეტი დღიური შემთხვევა ქვეყანას აღარ ექნება. მისი მოლოდინია, რომ ზამთრის პერიოდში ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი ვერ იქნება. თუმცა, მისივე განმარტებით, როდესაც საქმე ვირუსს ეხება, პროგნოზირება რთულია და ეს მხოლოდ მოსაზრებაა, რომელიც შესაძლოა გამართლდეს და შესაძლოა – არა.
ასე რომ, არც ისაა გამორიცხული, რომ მეხუთე, უფრო მძიმე ტალღა მივიღოთ. თუმცა, ივანე ჩხაიძის თქმით, ჯერჯერობით ახალი მუტაცია არ ჩანს და ვირუსის ის სახეობა, რომელიც რუსეთში, დანიაში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში დაფიქსირდა, ჯერჯერობით არ წარმოადგენს ისეთ საშიშროებას, როგორც დელტა ვარიანტია.
ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავალს ჩხაიძე წამახალისებელი მექანიზმების ამოქმედებაში, კერძოდ მწვანე ციფრული ბარათების შემოღებაში ხედავს, რომლის წარდგენის გარეშე დაუშვებელი იქნება სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლა – კინოთი დაწყებული, ბარით დამთავრებული. მისივე თქმით, ასევე საჭიროა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება, თუმცა არა მთელი მოსახლეობისთვის, არამედ შერჩეულ ჯგუფებში,სადაც ინფიცირების რისკი მაღალია.