მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ითვლის ვინმე, რამდენი დაიღუპა ინფარქტით ან ინსულტით?“ – აუცრელი პაციენტების დამძიმების გამო, კლინიკებში გეგმიური ადგილების დეფიციტია

„ითვლის ვინმე, რამდენი დაიღუპა ინფარქტით ან ინსულტით?“ – აუცრელი პაციენტების დამძიმების გამო, კლინიკებში გეგმიური ადგილების დეფიციტია

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორის გრიგოლ ხურციძის განცხადებით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე შესაძლოა მისაღები იყოს ევროპაში აპრობირებული მოდელი, როდესაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პაციენტები სხვა ქვეყანაში გადაყავდათ ან პირიქით – სხვა ქვეყნიდან ჩაყავდათ მედპერსონალი. კერძოდ, მისი თქმით, ასეთი პრაქტიკა იყო ლომბარდიის შემთხვევაში, საიდანაც პაციენტები გერმანიაში გადადიოდნენ ან თავად გერმანელი ექიმები ჩადიოდნენ იტალიის ამ რეგიონში.

ხურციძის განცხადებით, შესაძლოა საქართველომ მიმართოს მოძმე ქვეყნებს, უკრაინას ან ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს, რათა სამედიცინო პერსონალი დაახმაროს, და ამაში დასაძრახი არაფერია, რადგან საქართველო ინფიცირების მასშტაბებით ახლა მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა.

ამასთან, გრიგოლ ხურციძის თქმით, მას ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ მოხდება ექიმებისა და საექთნო პერსონალის მობილიზაცია არა-კოვიდკლინიკებიდან.

„ჩვენ ვითვლით, რამდენი ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ ჰოსპიტალში იგვიანებს მისვლას და კოვიდით დაკავებული საწოლების გამო იღუპება? ან ეშინია და ჰოსპიტალში არ მიდის და სახლში იღუპება? ამ ლეტალობას ვინმე ითვლის? კოვიდზე რომ ვართ გადასულები – 70-78, ითვლის ვინმე, რამდენი დაიღუპა ინფარქტით ან ინსულტით? ამიტომ ჩემი მოწოდებაა – აიცერით და სხვას ნუ დაუკავებთ ადგილებს ამ ადამიანებს,“ – აღნიშნა გრიგოლ ხურციძემ.

მისი შეფასებით, ახლა ქვეყანა „ძალიან სამწუხარო ფაზაშია შესული და ეს ტალღა ძალიან მასშტაბური აღმოჩნდა“. ხურციძე ამბობს, რომ მათ ქსელს ექიმებისთვის არც ტრენინგები დაუკლია, არც ონლაინ-კურსები და არც ექსპერტების ჩართვა, მათ შორის საზღვარგარეთიდან. თუმცა დღეს მივედით იმ მდგომარეობამდე, როცა ექიმების კონტინგტენტი ძალიან გადაღლილია.

გრიგოლ ხურციძე აცრის მიმართ საზოგადოებაში, მათ შორის მედპერსონალს შორის არსებული დამოკიდებულების პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანების ნაწილი ცხოვრობს თავის „ბუშტში“ და გონია, რომ ყველაფერი კარგადაა. ჰოსპიტლებში კი არის საველე ფრონტის ხაზი, სადაც ექიმებს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.

„პატივს ვცემ ყველას უფლებას არჩევანზე, მაგრამ მოდი ასე შევხედოთ ამ სიტუაციას: შენი თავისუფლების საშუალება რომ გაქვს, ეს არ უნდა დაჯდეს ვიღაცის ცხოვრების ფასად. როცა  ჰოსპიტლებში გეგმიური პაციენტი მოდის,  კონტინგენტი აღარ გვყავს, ყველა კოვიდზეა გადასული. ზუსტად იმ მდგომარეობაში ვართ, რაც ლომბარდიაში მოხდა, იმის მაგივრად რომ მომზადებულები დავხვდედროდით ამ სიტუაციას. თუმცა ასეთ მასშტაბსაც ვერ წარმოვიდგენდი,“- აცხადებს გრიგოლ ხურციძე.

მისი თქმით, ახლა მთავარი პრობლემაა პაციენტების მომვლელების და ექთნების დეფიციტი – ამ სეგმენტში მუშაობენ ახალგაზრდები, რომლებიც იძულებულნი არიან, მძიმე წონიანი პაციენტები ატრიალონ და თან ყოველ მეორე დღეს მორიგეები არიან. ასეთ მდგომარეობაში კი დიდი ხნის განმავლობაში  ვერ იქნებიან.

კითხვაზე – რატომ იხოცება ჩვენთან ბევრი პაციენტი და არ იხოცება ევროპასა და  ამერიკაში? მედიკოსი სწორედ ამ პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ რეანიმაციაში შედის 3-4 საათით, სინჯავს პაციენტს, იძლევა რეკომენდაციას და შემდეგ მას კომპეტენტური მომვლელის ხელში ტოვებს.

„არ გვყავს სტაფი, არიან ცოტა რაოდენობით და იმის გამო,  რომ ზოგი არ იყო აცრილი, ყოველ მეორე კვირას  დიდი რაოდენობის სამედიცინო პერსონალი გადის იძულებით სახლში ჯდომაზე ან ჰოსპიტალში რჩება იმიტომ, რომ არ აიცრა და დამძიმდა… საქართველოში ამდენი ექიმი მარტივად არ მოიძიება. ფიზიკურად არ არის,“ –  განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკურმა დირექტორმა.

მან ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ვირუსის მუტაცია ქმნის. გრიგოლ ხურციძის განცხადებით, ჩვენ არ ვიცით,როგორი იქნება მორიგი შტამები, შესაძლოა კარგიც მოხდეს და ვირუსი „გაწყალდეს,“ ან პირიქით- მისი თვისებები გაუარესდეს, რაც „დელტას“ შემთხვევაში მივიღეთ. თუმცა, როგორც ხურციძე  ამბობს, საიმედო ტენდენციები ჯერჯერობით არ ჩანს. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვირუსის მუტაცია ცუდი მიმართულებით მიდის იმ ქვეყნებში, სადაც არ იყო ვაქცინაციით საკმარისი მოცვა, მაგალითად ინდოეთში. ისრაელსა და სკანდინავიაში კი ვირუსის მსგავსი სახეობები არ გაჩენილა, რისი მიზეზიც აცრების მაღალი მაჩვენებელია.

გრიგოლ ხურციძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალ კლინიკებში არსებულ კოვიდ-რეანიმაციებში ამ ეტაპზე არცერთი აცრილი პაციენტი არ იმყოფება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …