ის, რომ კორონავირუსი სეზონური გახდება, ჯერჯერობით ოცნებაა – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუკი კორონავირუსი სეზონურ ინფექციად გადაიქცევა, ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი პანდემიიდან. პედიატრის განმარტებით, სეზონურობაში იგულისხმება ის, რომ ვირუსის ცირკულირების ხანგრძლივობა ოქტომბრიდან მარტამდე პერიოდით განისაზღვრება. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ომიკრონმა ცირკულაცია ივნისიდან დაიწყო, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ეს შტამი ჯერჯერობით არ ავლენს სეზონურად ქცევის ნიშნებს და მასნ ამ ეტაპზე სეზონურობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ივანე ჩხაიძე ამბობს იმასაც, რომ ბევრი მოლოდინი, რაც პანდემიის დასაწყისიდან განიხილებოდა, არ გამართლდა.
თუმცა ის დადებით ტენდენციაზეც საუბრობს – კერძოდ, იმაზე, რომ 2021 წლის 26 ნოემბრის შემდეგ დღემდე არცერთი ახალი შტამი არ გავრცელებულა და მხოლოდ ომიკრონის სხვადასხვა ვარიანტი გამოჩნდა, რომელთა შორისაც განსხვავება გადადების სისწრაფეა.
„ამ თვალსაზრისით, იმედი იმისა, რომ არ გამოჩნდება რეალურად მძიმე დაავადების გამომწვევი მუტაცია, ნამდვილად გვაქვს,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, თუ კორონავირუსი სეზონური გახდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სეზონური ინფექციების ჩამონათვალს დაემატება ახალი კორონავირუსი და ამასთან, დიდი ალბათობით ოქტომბრიდან მსოფლიოს ექნება უშუალოდ ომიკრონზე მიმართული ვაქცინა, რომლის გაკეთების რეკომენდაციასაც, ჯანმო სავარაუდოდ გასცემს წელიწადში ერთხელ, რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის. ჩხაიძე ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა შეიქმნას გაერთიანებული ვაქცინა გრიპის შტამებისა და ომიკრონის წინააღმდეგ.