მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ინფექციონისტი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე საუბრობს – რა შემთხვევაში უნდა ვატაროთ პირბადე

ინფექციონისტი კორონავირუსის შემთხვევების ზრდაზე საუბრობს – რა შემთხვევაში უნდა ვატაროთ პირბადე

მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარების ვალდებულება, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, ყველა ღია თუ დახურულ სივრცეში გაუქმდა, სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრის შემთხვევაში პირბადე ისევ გამოიყენონ. ეს რჩევა, პირველ რიგში, ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე, განსაკუთრებით აუცრელ მოქალაქეებს ეხება.

როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა jandacva.ge-სთან საუბარში პირადი  პრაქტიკიდან გამომდინარე ამბობს, ბოლო დღეებში კოვიდის დადასტურების შემთხვევებმა მოიმატა, არის კლასტერების შემთხვევებიც, თუმცა როგორია რეალური სტატისტიკა ქვეყანაში – ამას ყოველკვირეული სტატისტიკა აჩვენებს, რომელიც სამშაბათობით ქვეყნდება. ამასთან, ალექსანდრე გოგინავა ამბობს იმასაც, რომ სიმპტომების შემთხვევაში ყველა პაციენტი არ იტესტება, ამიტომ, გოგინავას თქმით, კორონავირუსი არსად წასულა და თავდაცვის საშუალებების გამოყენება აუცილებელია. როგორც ინფექციონისტი ამბობს, ნებისმიერ დახურულ სივრცეში, სადაც ხალხმრავლობაა და დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, პირბადის გამოყენება ისევ რეკომენდებულია.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისიდან დახურულ სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება გაუქმდა, თუმცა ის შენარჩუნდა სამედიცინო დაწესებულებებსა (მათ შორის აფთიაქებში) და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დღეიდან, 20 ივნისს კი პირბადის ტარება სავალდებულო აღარც საზოგადოებრივ ტრანსპორტშია და ის მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის აფთიაქებში დარჩა.

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ამ ეტაპზე საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 14%-ია.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …