მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევებით დადასტურებულია, რომ SARS-CoV-2-ით ინფიცირებულ ადამიანებში მცირდება თეთრი ნივთიერება, რომელიც ჩვენს ნერვულ სისტემაში იმპულსებს გადასცემს. ასევე აღინიშნება ცვლილებები ლიმბურ სისტემაში, რომელიც ძილღვიძილის ციკლზე და ჩვენი ქცევის ძალიან ბევრ ემოციურ თუ მოტივაციურ ასპექტზეა პასუხისმგებელი.
ამის შესახებ ბავშვთა ნევროლოგიმა, თსსუ პროფესორმა სოფო ბახტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვის ჰიპერაქტიურობის ან უყურადღებობის ერთერთი მთავარი მიზეზი ასევე გადატანილი კოვიდინფექციაა.
ექიმი ამბობს, რომ ბავშვებში კოვიდის გართულებით გამოწვეული ინსომნიის სიმპტომებით ექიმებს მშობლები ხშირად მიმართავენ. ამასთან, მედიკოსები თავს არიდებენ წამლის დანიშვნას, მაგრამ ამის გაკეთება მაინც უწევთ, რადგან არასრულფასოვანი ძილი არასრულფასოვანი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მიზეზია. როცა ბავშვს დღე ღამის განმავლობაშუ 3-4 საათი სძინავს, მეორე დღეს ის არ შეიძლება იყოს ემოციის და აღქმის თვალსაზრისით სრულფასოვანი, ანუ მას გაუჭირდება დასწავლა, ასევე ეცვლება ქცევა ბაღსა თუ სკოლაში.
სოფო ბახტაძის თქმით, ვირუსი თავისი ვირულენტობით შემსუბუქდა, თუმცა ის არ დაგვტოვებს და თანაიარსებებს ჩვენთან ერთად. ამიტომ მედიკოსს მიაჩნია, რომ კოვიდი ყურადღების დეფიციტის და ჰოპერაქტიურობის სინდრომის განვითარების მნიშვნელოვან რისკფაქტორად დასახელდება. მისივე განმარტებით, ეს ვირუსი იწვევს ისეთ სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც განაპირობებს ჰიპერაქტივობას ანუ სიცელქის ჩამოყალიბებას ან უყურადღებობას. ამასთან, ეს არაა სუბიექტური ან მშობლის მიერ ინტერპრეტირებული მიზეზი. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბავშვი უბრალოდ ცელქია ან კაპრიზები აქვს. მას აქვს ორგანული საფუძველი, რაც განაპირობებს სიცელქის ან უყურადღებობის განვითარებას.