გუშინ აცრილი 7 815 მოქალაქიდან პირველი დოზით მხოლოდ 1158 ადამიანი აიცრა. 6657 ადამიანს კი ერთი აცრა უკვე გაკეთებული ჰქონდა და მეორე ინექციაზე გამოცხადდა.
აღნიშნული მონაცემების გამოთვლა datacov.moh.gov.ge-ზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვითაა შესაძლებელი.
ეს სტატისტიკა აცრების ტემპის სიმცირეზე მეტყველებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში პირველ დოზებზე რეგისტრაცია შემცირებულია და ეს ტენდენცია საგანგაშოა.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, მინიმუმ ერთი დოზით მთელი მოსახლეობის 27%-ია აცრილი. მეორე დოზის მოლოდინში 145 ათასი ადამიანია. მოყვანილი სტატისტიკა ნიშნავს იმას, რომ ვაქცინაციის ამჟამინდელი ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, მომლოდინეები მეორე დოზას უახლოესი კვირების განმავლობაში გაიკეთებენ და სრულად იმუნიზებულები იქნებნიან, თუმცა ამის შემდეგ აცრების რაოდენობა კიდევ უფრო მოიკლებს. ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. ვაქცინაციის მარათონს აანონსებს.
„15-18 ოქტომბრიდან (ჯერ რიცხვი არ არის გადაწყვეტილი) ვიწყებთ ე.წ. მარათონს, ანუ კვირეულს, 49 სოფელი იქნა არჩეული. თავიდან 67 იყო, მაგრამ ამოვიღეთ, იქ, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, მარათონების ჩატარებას სხვა ინტერპრეტაცია რომ არ მეიცეს. ეს არის სოფლები, სადაც მოსახლეობა 3 000-ზე მეტია. ამ სოფლებში იმუშავებენ ჯგუფები, ე.წ. აგიტატორების ჯგუფები. რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვთ ამ სოფლების ადგილობრივ რწმუნებულებს, ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმები, შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელს, იქ მომუშვე სამედიცინო პერსონალს. თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესს ადგილზე. 49 სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 160-170 000 ადამიანი, დიდი მასაა, აქედან ამ ეტაპზე გამოაკლდებიან 16 წლამდე ბავშვები. თუ გავედით სადღაც 40-50-პროცენტიან მოცვის მაჩვენებელზე, ძალიან კარგი იქნება. ეს განივრცობა კიდევ 2 000-ზე ზემოთ მოსახლეობით სხვა დიდ სოფლებზე. აცრა, აცრა, აცრა არის დღეს მთავარი სლოგანი ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.