სარესტორნო ქსელ „ჩვენის“ დამფუძნებელი, გურამ ბაღდოშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ეპიდემიოლოგ პაატა იმნაძის რეკომენდაციას, რესტორნებში დაუშვან მხოლოდ აცრილები ან გატესტილები, ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ინიციატივა მისთვის მისაღები არ არის.
„პაატა იმნაძემ გაუშვას მერია, მუნიციპალური პოლიცია, ჯარი იმ კაფეებში, რესტორნებსა და ბარებში, სადაც მიდის ღრეობა. ადამიანის უფლებების დაცვა უნდა ვიცოდეთ, მე სხვის ინტერესებს ვითვალისწინებ რადგან დემოკრატიულ ქვეყანაში გავიზარდე. სახელმწიფო უნდა მართავდეს ვითარებას ქვეყანაში და არა რესტორატორები. მე არ უნდა ვუბლოკავდე კარებს ვინც არის აუცრელი ან აცრილი. არასწორი მიმართულებაა ეს.
ის, რაც დღეს აჭარაში ხდება, რომ ჩამოვიდეს პოლიცია და ნახოს, მიხვდება რაზეც არის საუბარი. სარიტუალო, საბანკეტო რესტორნები 500 -700 კაციან სუფრებს მართავენ, აქედან ვრცელდება დაავადებები. ბუტიკ ტიპის რესტორნები არ არიან საფრთხის შემცველნი, მით უმეტეს, რომ რეგულაციებს იცავენ,“-აცხადებს ბაღდოშვილი.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის რეკომენდაციაა, რესტორნებში მხოლოდ ორჯერადად აცრილები ან წინასწარ გატესტილები დაუშვან.
“ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს. საკოორდინაციო საბჭოზე ყველა ჩვენს აზრს გამოვთქვამთ ხოლმე. საბჭოს მივმართე მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციებით, მაგრამ საბჭო იღებს კონსესუსით გადაწყვეტილებას. კონსესუსი საჭიროა არა მხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაში.
რეკომენდაციაა, რესტორნებში დაშვება იყოს მარტო აცრილების ან წინასწარ გატესტილების.
რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი, ლხინის სუფრა ჭირად იქცევა ხოლმე, წინადადება იყო, რომ გაიზარდოს 50 კაცამდე დაშვება, თუ ყველა აცრილი იქნება, მინიმუმ წინასწარ გატესტილი“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.