კოვიდ 19-ს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პირდაპირი შეჭრის უნარი არ აქვს, რადგან ის ვერ გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ესაა ბარიერი, რომლის გადალახვა აუცილებელია, რომ ნებისმიერმა აგენტმა ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მიაღწიოს.
შესაბამისად, ვირუსის გავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე არაპირდაპირია, თუმცა იწვევს ძალიან ბევრ მულტისისტემურ პროცესს, შესაძლოა ეპილეფსიის განვითარების ერთერთი მიზეზი გახდეს. ამის შესახებ ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი სოფო ბახტაძე საუბრობს.
მისი თქმით, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კოვიდის გართულებაა, წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის დაავადებას. ესაა სისტემური ანუ რევმატული ჯგუფის დაავადება, რაც გარკვეულ გართულებებს იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. ერთერთ გართულებად შესაძლებელია ეპილეფსია განვიხილოთ.
ნევროლოგის თქმით, კოვიდ 19 ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ყველა შემთხვევაში, თუნდაც მსუბუქი მიმდინარეობის დროს, კოვიდის პირველი და ყველაზე საგანგაშო სიმპტომი ესაა ცხელება მისი ნებისმიერი მაჩვენებლით.
სოფო ბახტაძის თქმით, ცხელება – ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება განაპირობოს არა ეპილეფსიის, მაგრამ გულყრის განვითარება და მას ფებრილური გულყრა ეწოდება.
ნევროლოგს მოჰყავს იტალიის მაგალითი, სადაც 2020 წლის მარტიდან მაისის პერიოდში, როცა კოვიდპანდემია დაიწყო, ფებრილური გულყრებით გამოწვეულმა მიმართვიანობამ ლომბარდიაში 3-ჯერ გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიური სამი თვის მაჩვენებელს. მისი თქმით, მიუხედავად საყოველთაო იზოლაციისა, ინფექცია ვრცელდებოდა სწრაფი ტემპით და გამოიწვია ფებრილური გულყრების გახშირება უკვე დიანგოზირებულ ფებრილური გულყრის მქონე ბავშვებში და ასევე – პირველადად, მათში, ვისაც მანამდე ეს დიაგნოზი არ ჰქონია.
ამასთან, მედიკოსის თქმით, ფებრილური გულყრა ადვილად მართვადი დაავადებაა მათ შორის ბინის პირობებში.
სოფო ბახტაძე ამბობს, რომ პანდემიის დაძლევის და მათ შორის ბავშვების ინფიცირებისგან დაცვის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.