გულსისხლძარღვთა შორსწასულ დაავადებების შემთხვევები ძირითადად რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს შორის გვხვდება, რისი მიზეზიც პირველადი ჯანდაცვის არასაკმარისი განვითარება და მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობაა.
ამის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრის კარდიოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა სულხან ლომინაძემ jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.
„ბოლო წლების განმავლობაში ქალაქის მასშტაბით შორს წასული შემთხვევები პრაქტიკულად აღარ არის. გართულებული დაავადებები გვხვდება რეგიონების, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობაში, მათ შორისაა მრავლობითი ინფარქტები. აუცილებელია ადამიანების ინფორმირებულობა გულის დაავადებების პირველადი სიმპტომების და იმის შესახებ, რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ.
ოჯახის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობა მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებით პრობლემურია. თუმცა მხოლოდ ეს არ არის პრობლემა და აუცილებელია მოსახლეობის ცნობადობის გაზრდა არა მხოლოდ გულსისხლძარღვთა, არამედ სხვა დაავადებების პირველადი სიმპტომების შესახებ, რათა ისინი დროულად მივიდნენ ექიმთან. მათ უნდა იცოდნენ, რა დროს უნდა მიმართონ ექიმს, რა სიმპტომებს მიაქციონ ყურადღება, რომ უნდა აკონტროლონ დიაბეტი. არ შეიძლება, რაიმე ჩივილის შემთხვევაში ადამიანებმა მეზობლის ან ნათესავის რჩევებით იხელმძღვანელონ. დამერწმუნეთ, შვეიცარიაშიც კი არ არის ყველა სოფელში ამბულატორია. მთავარია, ასეთი დაწესებულება ადმინისტრაციულ ცენტრში იყოს. ასე რომ, მაინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურასთან მივდივართ. აუცილებელია ჯანმრთელი ცხოვრების წესის აგიტაცია, თამბაქოზე უარის თქმის პროპაგანდა,“ – აცხადებს ლომინაძე. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, გარკვეული ფაქტორების გამო (გენეტიკური, თამბაქოს მოხმარება, დიაბეტი, ჭარბი წონა და ა.შ.) შედიან თუ არა გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკჯგუფებში და ასეთ შემთხვევაში დროულად მიმართონ კარდიოლოგს.
პირველადი ჯანდაცვის განვითარების აუცილებლობაზე არაერთი ექიმი და ჯანდაცვის ექსპერტი საუბრობს. აშშ-ში მცხოვრები ოჯახის ექიმის თემურ ღურჭუმელიძის თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოში ოჯახის ექიმის კულტურა და ინსტიტუტი ვერ შეიქმნა. მისი თქმით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის შექმნის მცდელობა ქვეყანაში იყო გასული საუკუნის 90-იან, ასევე 2000-იან წლებში, მოწვეულებიც იყვნენ უცხოელი სპეციალისტები, გარკვეული მომენტების გაუმჯობესება მოხდა კიდეც – დაიწყო ექიმების გადამზადება საოჯახო პრაქტიკის პროგრამებით, მაგრამ ფართო მასშტაბით ეს ვერ განხორციელდა.
ექიმ-რეანიმატოლოგის ვახტან კალოიანის განცხადებით კი, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის განვითარებას სათანადო ყურადღება არ ექცევა და სახელმწიფო ამ რგოლის ექიმების კვალიფიკაციაზე არ ზრუნავს.
jandacva.ge