ჯანდაცვის სამინისტრის მიმართ კერძო კლინიკების ხელმძღვანელების პროტესტი სულ უფრო აქტიური ხდება. ტარიფების თემა, რომელიც 2019 წლიდან მოყოლებული, ჯანდაცვის კერძო სექტორის ყველაზე მწვავე საკითხია, ისევ დავის საგნად რჩება.
2019 წელს მიღებულმა, 520-ე დადგენილებამ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის კარდიოქირურგიასა და რეანიმაციაზე საერთო ტარიფები განსაზღვრა, რომელთა გაზრდის უფლება სამედიცინო დაწესებულებებს აღარ აქვთ. ცვლილების მიზეზად პაციენტზე ზრუნვა, კერძოდ, ჯიბიდან გადახდების შემცირება და, შედეგად, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა დასახელდა. თუმცა კლინიკებმა მაშინვე განაცხადეს, რომ შემცირებული ტარიფებით ოპერირება გაუჭირდებოდათ და ეს მომსახურების ხარისხსაც გააუარესებდა. იგივე და უფრო მწვავე პოზიცია აქვთ მათ დღეს – მათი განცხადებით, რეანიმაციისა და კარდიოლოგიის სფეროს განვითარება პრაქტიკულად შეჩერებულია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა კერძო კლინიკების პრეტენზიების პასუხად განაცხადა, რომ ივლისისთვის შემუშავებული იქნება რეანიმაციის ახალი სტანდარტები და რომელი სამედიცინო დაწესებულებაც დააკმაყოფილებს მათ, ის მიიღებს განახლებულ, ინდექსირებულ ტარიფებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
რა ბედი ეწევა კარდიოლოგიას მანამდე, ვიდრე კლინიკების დაფინანსების ახალი, „დიარჯი“ სისტემა ამოქმედდება (რაც, სამინისტროს ვარაუდით, სექტემბერში უნდა მოხდეს, კლინიკები კი მის ძალაში შესვლას მომავალ წლამდე არ ელოდებიან), პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.
თბილისის გულის ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ ჩუხრუკაძის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძის მიერ განხორციელებულმა პროექტმა „კარდიოლოგია დაღუპა.“
„2019 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსისტმა, ბატონმა ჭავჭავაძემ დათვალა ტარიფები. ეკონომიაზე მიბმული ტარიფები კი რეალობის არაადეკვატური აღმოჩნდა. ტარიფია ის ყველაფერი, რაც აუცილებელია მაღალი ხარისხის ოპერაციის გასაკეთებლად – ესაა პირდაპირი, არაპირდაპირი და თანმდევი ხარჯები. ქალბატონმა ტიკარაძემ და ბატონმა ჭავჭავაძემ რატომღაც სასირცხვილო გახადეს ის, რომ კლინიკას რაღაც მოგება უნდა დარჩეს, რათა რეინვესტიორება მოახდინოს და ტექნოლოგიები შემოიტანოს. ეს საერთოდ არ გაითვალისწინეს. ქალბატონი ტიკარაძე ამბობდა, რომ არ შეიძლება ეს ბიზნესი იყოს და მედიცინა მოგებაზე მუშაობდეს – ეს იყო მისი ნარატივი. კომუნიკაცია საერთოდ არ ხდებოდა ჯანდაცვის მინისტრთან და ის ისე წავიდა თანამდებობიდან, ნორმალური კომუნიკაცია მასთან არ შემდგარა. დღეს ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, წინსვლა, განვითარება საერთოდ არ ხდება,“ – განაცხადა არჩილ ჩუხრუკაძემ.
მისი თქმით, 2019 წლიდან, როდესაც 520-ე დადგენილება შევიდა ძალაში, 2022 წლამდე მოხდა ინფლაცია, გაძვირდა ჟანგბადი, ელექტროენერგია, გაზი. ტარიფი კი, რომელიც უკვე 2019-ში არასწორი იყო, იგივე დარჩა. ამიტომ კლინიკებს სხვა საშუალება არ დარჩათ, გარდა იმისა, რომ მედპერსონალისთვის ხელფასები 35%-ით შეემცირებინათ.
შედეგად, როგორც გულის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, დღეს გვაქვს ექთნების ტოტალური გადინება კლინიკებიდან და ქვეყნიდან. ასეთ ვითარებაში, მისივე განცხადებით, კლინიკები ცდილობენ სტუდენტების რესურსის მაქსიმალურ გამოყენებას, პროფესიონალი ექთნები კი სწავლობენ ფრანგულს ან გერმანულს და სამუშაოდ ევროპაში მიდიან, სადაც მათ 1500-2000 ევროს უხდიან.
არჩილ ჩუხრუკაძის თქმით, ასეთ ვითარებაში კლინიკებს არსებობისთვის უწევთ მუშაობა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების ჩადებაზე საუბარიც აღარაა. მეტიც: მისი განცხადებით, კლინიკები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ ბრენდულ სამედიცინო აპარატურასა და მასალებზე (სტენტები, სარქველები, სტიმულატორები და ა.შ.) და გადასულიყვნენ არაბრენდულ ნაწარმზე, რაც უხარისხო არაა, მაგრამ ქირურგებისგან გაცილებით მეტ დროს და შრომას მოითხოვს ბრენდულ პროდუქციასთან შედარებით.
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ მინიმალურად მოხდეს ინდექსაცია დაჩქარებული წესით. 5-6 თვეა ვსაუბრობთ სამინისტროსთან და ბოლო შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ მხოლოდ რეანიმაციაზეა სამინისტრო მზად პასუხისთვის. კარდიოლოგია და კარდიოქირურგია კი ჰაერში დარჩა,“- განაცხადა თბილისის გულის ცენტრის ხელმძღვანელმა, რომლის თქმითაც, საჭიროა სწრაფი ქმედებები, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს და ტარიფების ინდექსაციის საკუთარი მოდელიც წარუდგინეს, თუმცა კარდიოლოგიის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კვლავ გაურკვეველი რჩება.