ამ დრომდე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით რისკ-კგუფებში შემავალი 12 ათასამდე ადამიანი აიცრა. მათი უმეტესობა ექიმია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, 43 ათასი დოზა ვაქცინის შემდეგ, გასულ კვირას ქვეყანამ პრეპარატის მეორე პარტია მიიღო 65 ათასი ვაქცინის ოდენობით. მომავალ კვირაში კი საქართველოში ბოლო პარტია შემოვა და ქვეყანას უკვე ექნება მის მიერ წინასწარ შეძენილი 200 ათასი ვაქცინა.
გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების ყველა რისკ-ჯგუფისთვის ხელმისაწვდომია. მისივე განცხადებით, ვაქცინაციის პროცესს 10 დღის განმავლობაში დააკვირდებიან და თუ მიმართვიანობა მაღალი არ იქნება, შესაძლოა, მოქალაქეთა სხვა ასაკობრივ კატეგორიასაც მიეცეს გრიპის საწინააღმდეგო აცრების უფასოდ გაკეთება.
ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ორსულებს, აიცრას როგორც კოვიდ, ისე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.
გრიპის საწინააღმდეგო, 4-კომპონენტიანი ვაქცინის გაკეთება ნებისმიერ რისკჯგუფში შემავალ ყველა მოქალაქეს შეუძლია.
ესენია: მოხუცთა სახლებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი, სკოლის პედაგოგები, საბავშო ბაღის აღმზრდელები, დიაბეტით დაავადებულები, ვეტერინარიის სფეროში დასაქმებულები და 60 წელს ზემოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამცრელ პუნქტს მიმართავს. საუბარია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ვაქცინებზე. გრიპის ვაქცინები ლიმიტირებული რაოდენობით უკვე შემოიტანა კერძო სექტორმაც.