მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » გიორგი ციხისელი: ქვეყანაში ერთიანი ონკოლოგიური სისტემა დაინგრა და პატარ-პატარა კლინიკები გაჩნდა

გიორგი ციხისელი: ქვეყანაში ერთიანი ონკოლოგიური სისტემა დაინგრა და პატარ-პატარა კლინიკები გაჩნდა

ქვეყანაში ერთიანი ონკოლოგიური სისტემა დაინგრა და გაჩნდა პატარ-პატარა კლინიკები. სიმსივნის მკურნალობისთვის კი აუცილებელია კომპლექსური მიდგომა.

ამის შესახებ ონკოლოგ-გამოლოგმა გიორგი ციხისელმა განაცხადა.

„არ მომწონს, რომ დაინგრა ერთიანი ონკოლოგიური სისტემა და გაჩნდა უამრავი საავადმყოფო, პატარ-პატარა კლინიკები, სადაც ყველა ყველაფერს კიდებს ხელს. ონკოლოგია ესაა მძლავრ დიაგნოსტიკურ ბაზაზე, ქირურგიაზე, რადიოლოგიასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე დაფუძნებული დარგი. ამის გარეშე ონკოლოგია წარმოუდგენელია. აქ კი ყველა საავადმყოფოში აკეთებენ ნებისმიერ ოპერაციას. ონკოლოგიაში მხოლოდ ქირურგია არაფერს წყვეტს. საჭიროა კომპლექსური და კომბინირებული მიდგომა და მხოლოდ ამით შეგვიძლია გავიდეთ შედეგზე,“- განაცხადა ციხისელმა.

მისი თქმით, როცა დიაგნოზი დაისმება, უნდა გაკეთდეს მორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური კვლევა. შემდგომ კი კონსილიუმმა, რომელიც რადიოლოგისგან, ქიმიოთერაპევტისა და ქირურგისგან შედგება, უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიწყოს მკურნალობა, რა არის პირველი ეტაპი – ქირურგია, მედიკამენტოზური მკურნალობა და ა.შ.

„უნდა შეიქმნას ხაზი, ჯაჭვი, რომ მას მივყვეთ და შედეგზე გავიდეთ. არსებობს ოქროს სტანდარტები და გაიდლაინები, მათ მხოლოდ შესრულება სჭირდება. დღეს ქვეყანაში არის დიდი მძლავრი ცენტრები, სადაც ეს ყველაფერია და მათ შორისაა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა. საჭიროა მხოლოდ მოსვლა,“ – აღნიშნა ონკოლოგმა. მისი თქმით, საჭიროა ამ დაწესებულებებში მისვლა, დანარჩენი ყველა ფაქტორი, მათ შორის ფინანსური, მოხსნილია, რადგან სკრინინგს სახელმწიფო აფინანსებს. საქართველოში კი ადრეულ დიაგნოსტიკას საზოგადოების მენტალიტეტი ართულებს.

გიორგი ციხისელის განცხადებით, ბოლო 20 წელიწადში მსოფლიოში ძუძუს კიბოს შემთხვევები 38%-ით გაიზარდა და ამ დიაგნოზს წელიწადში 2 მილიონ 300 ათას ადამიანს უსვამენ.  100 ათას მოსახლეზე ყველაზე მეტი შემთხვევა კი არის ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. ევროპაში პირველ ადგილზეა ბელგია, ასევე გამოირჩევა ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა. სამხრეთ ამერიკაში კიბოს სტატისტიკა უფრო მცირეა, თუმცა სიკვდილიანობა 17%-ით მაღალია. ციხისელის თქმით, სწორედ ესაა პასუხი იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკრინინგი და ადრეული მიმართვიანობა, ასევე კვალიფიციური დახმარება.

ონკოლოგის განცხადებით, პირველ სტადიაზე ჩატარებული, ადეკვატური მკურნალობის შედეგად,  გადარჩენის მაჩვენებელი 90-95-98%-საც კი აღწევს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …