ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეძლებულებს უფრო მეტად ეხმარება, ვიდრე ღარიბებს.
მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ პროგრამა ძირეულ ცვილელებებს საჭიროებს, რომ იგი გაჭირვებულ მოქალაქეებზე ორიენტირებული გახდეს.
„გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის მიერ ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევამ აჩვენა, რომ
ოჯახების მიერ ძირითად პრობლემებად გაზრდილი ფასები, მძიმე ავადმყოფობა და ოჯახების შემოსავლის შემცირება დასახელდა.
ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი, ინფლაციის გათვალისწინებით, 31%-ით გაიზარდა. 39.7%-დან (2013) 44.1%-მდე (2015) გაიზარდა იმ ოჯახების წილი, რომლებიც ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემას განიცდიან.
იმ ოჯახების წილმა, რომელსაც ფინანსურად კატასტროფული ხარჯები ჰქონდა, 23%-დან(2013) 29.8%-ს(2015) მიაღწია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მედიკამენტების ხარჯებია.
სოციალურად გარიყულ ოჯახებში (ოჯახს აქვს ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე, სოციალურ დახმარებაზე, კრედიტის აღებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა) მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა გაიზარდა და 5.6%-დან (2013) 8.1%-ზე ავიდა (2015).
ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, უყაირათო ხარჯვის გამო, ქრონიკულად არ ჰყოფნის თანხა. პროგრამაზე 35 მლნ ლარის დამატება წელს უკვე მოხდა და პროგრამის წლიური ბიუჯეტი 570 + 35 = 605 მლნ ლარი გახდა, მაგრამ საკმარისი არც ეს იქნება. მიმდინარე ხარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს მინიმუმ 40 მლნ ლარის დამატება კიდევ დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დავალიანებას სრულად ვერ ისტუმრებს. ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.
ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასეთი დეფიციტური ხარჯვა უარყოფითად აისახება ლარის კურსზე და, შესაბამისად, მოქალაქეების ჯიბეზე. გაჭირვებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან და ჯანდაცვაზე მათი ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო უარესდება”- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
newposts.ge