საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი დაბალი ეფექტურობით ხასიათდება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც Galt & Taggart-მა წარმოადგინა.
კვლევის თანახმად, საქართველოში ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნა მზარდია, რაც გამოწვეულია ასაკთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელებითა და გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით, რაც თავის მხრივ სახელმწიფო დაფინანსების ზრდით აიხსნება.
ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსება 2014-22 წლებში თითქმის გასამმაგდა და 2.0 მილიარდ ლარს მიაღწია. შედეგად, ჯამურ დანახარჯებში, ჯიბიდან გადახდების წილი იმავე პერიოდში 66%-დან 51%-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი ევროკავშირსა (16%) და შესადარის ქვეყნებთან (38%) შედარებით, კვლავ მაღალია. საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, ჯიბიდან გადახდების წილი 2030 წლისთვის 30%-მდე უნდა შემცირდეს.
კვლევის თანახმად, საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 2021 წელს 1,000 ადამიანზე 5.6-ს შეადგენდა, რაც შესადარის და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაჩვენებელს აღემატება. საწოლების ჭარბი რაოდენობის გამო, მათი დატვირთულობა პანდემიის პირობებშიც დაბალ დონეზე შენარჩუნდა (55% 2021 წელს).
კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ პირველად ჯანდაცვაზეც და აღნიშნავენრ, რომ იუხედავად ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა ბოლო ათწლეულში. საქართველოში ამბულატორიული მიმართვების რაოდენობამ ერთ მოსახლეზე 2021 წელს 4.0 შეადგინა, რაც ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის მაჩევნებელს (7.0).
საქართველოში ექიმების სიჭარბეა და ექთნების დეფიციტი. თითო ექიმზე მხოლოდ ერთი ექთანი მოდის, ევროპის ქვეყნებში კი – 2-დან 5-მდე. შედეგად, ქართველი ექიმები 3-5-ჯერ ნაკლებად პროდუქტიულები არიან ევროპული ქვეყნების კოლეგებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ ემსახურებიან ნაკლებ პაციენტს.
ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობა 2021 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, გაუმჯობესდა (ძირითადად, სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის მენეჯმენტისთვის გაწეული დანახარჯების შედეგად). წლის განმავლობაში სექტორის EBITDA მარჟა 17.1%-ს გაუტოლდა, წმინდა მოგების მარჟა კი 14.6%-ს. კვლევის თანახმად, DRG მოდელის შემოღებასთან ერთად, მომგებიანობის ჯანსაღ დონეზე დასტაბილურებაა მოსალდონელი.
მოსალოდნელია, რომ DRG მოდელი გაზრდის სექტორის ეფექტურობასა და მდგრადობას, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას, შექმნის კლინიკებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, დაეხმარება კონსოლიდაციას და შეამცირებს ბაზრის ფრაგმენტულობას.
კვლევის ავტორების განცხადებით, DRG მოდელს თან ახლავს რისკები. კერძოდ, ხარისხის არასაკმარისი კონტროლის შემთხვევაში, თუ ხარჯების შემცირების მოტივაცია მაღალი იქნება, DRG-მ შესაძლოა შეამციროს პაციენტზე ზრუნვის ხარისხი. გარდა ამისა, მოდელმა შეიძლება შეანელოს ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოტანა და შექმნას გარკვეული სერვისების დეფიციტი.