ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გუშინ, 24 საათის მონაცემით, კორონავირუსით ინფიცირების 800-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მართალია, დაავადების მიმდინარეობა მსუბუქად ფასდება, თუმცა, როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა მუმლაძე აცხადებს, ახალი, ბი ეი 5 ქვეშტამისთვის დამახასიათებელია მაღალი სიცხე და ცხელების პერიოდის გაზრდილი ხანგრძლივობა.
„თუ ვივარაუდებთ, რომ ის პაციენტები, რომლებმაც ამ დღეებში მოგვმართეს, არიან ამ შტამით დაავადებულები, გეტყვით, რომ ბევრად მაღალი ცხელებით მიმდინარეობს და ომიკრონის პირველადი შტამისგან განსხვავებით, ჩემი დაკვირვებით, ეს ცხელება რამდენიმე დღით უფრო დიდხანს გრძელდება. ცხელება ადის 39-მდე და ზოგჯერ მეტადაც,“ – განაცხადა მუმლაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული შტამისთვის დამახასიათებელი თვისებებია ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციის სიმპტომატიკა, ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი.