გინეკოლოგების ნაწილი ქალებს ორსულობის პირველ კვირებში ვაქცინის გაკეთებას არ ურჩევს.
თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ასეთი რეკომენდაციების გაცემა ეწინააღმდეგება მსოფლიოში არსებულ გაიდლაინებსა და ვაქცინებზე ჩატარებული კვლევების შედეგებს.
ისინი ქალებს ვაქცინაციის ჩატარებას ორსულობის დაგეგმვის ეტაპზე, ასევე ორსულობის პირველივე ტრიმესტრიდან და ლაქტაციის პერიოდში ურჩევენ. ევექსი კლინიკების გინეკოლოგის მარი გუგუშვილის განმარტებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, ვაქცინაცია არ წარმოადგენს უკუჩვენებას ორსულობის დროს.
„თავისუფლად შეგვიძლია ვურჩიოთ ქალბატონებს, ვაქცინაცია პირველი ტრიმესტრიდან ჩაიტარონ. დაცული, ჯანმრთელი, ვაქცინირებული დედა ნიშნავს ნაყოფის კეთილსაიმედო გამოსავალს,“ – აცხადებს გინეკოლოგი. ამასთან, მისი თქმით, ამ ეტაპზე რეკომენდებულია ფაიზერით აცრა.
მისივე განცხადებით, ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა ლაქტაციის პერიოდში, რადგან ვაქცინაში შემავალი კომპონენტები დედის რძიდან ნაყოფს არ გადაეცემა, თუმცა გადაეცემა გამზადებული ანტისხეულები, რომლებიც ახალშობილს ინფექციისგან იცავს და ქალებს შეუძლიათ,თავისუფლად გააგრძელონ ბავშვის ძუძუთი კვება ვაქცინაციის შემდეგ.
რაც შეეხება ორსულობის დაგეგმვას, მედიკოსის თქმით, სასურველია, ქალები დაორსულებამდე სრულად იყვნენ ვაქცინირებულები და აცრის გაკეთება დაორსულების გადადებას არ მოითხოვს, რადგან კვლევებმა
ცხადყო, რომ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა არავითარ გავლენას არ ახდენს ნაყოფზე და ახალშობილზე.
მარი გუგუშვილი მენსტრუაციასთან დაკავშირებულ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთება მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ფაზაში რეკომენდებულია.