მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » გაჩნდა იმედი რომ სამინისტრო საფუძვლიანად მიხედავს ჯანდაცვის პირველად რგოლს
ახლა იმედი გაჩნდა, რომ სამინისტრო პირველ რგოლს მიხედავს და სიტუაცია უკეთესობისაკენ გამოსწორდება“, – ამბობს პედიატრი ლალი დანელია.

გაჩნდა იმედი რომ სამინისტრო საფუძვლიანად მიხედავს ჯანდაცვის პირველად რგოლს

ჯანდაცვის პირველად რგოლში ამ დროისთვის არსებულ პრობლემებზე, პედიატრმა, ოჯახის ექიმმა ლალი დანელიამ ისაუბრა.მან აღნიშნა, რომ  ცუდ დღეში აღმოჩნდნენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შემდეგ.

„ოჯახის ექიმებს ისედაც არ ჰქონდათ ნორმალური ხელფასი და ახლა სულ კატასტროფაა. უდიდესი დატვირთვა მოვიდა ექიმებზე, მოგეხსენებათ რა ხდება პოლიკლინიკებში, არის დიდი რიგები, რაც პაციენტისთვისაც არახელსაყრელია.

ექიმები გახდნენ ძალიან აგრესიულები, ამის შესახებ პაციენტებიც საუბრობენ. წარმოიდგინეთ თითოეული პაციენტის ვიზიტიდან ექიმი ხელზე იღებს 18–20 თეთრს. ეს არის სასაცილო ანაზღაურება. ამიტომაც პაციენტებსაც არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ  პირველადი რგოლის ექიმების მიმართ.  ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

ხელფასმა თუ არ მოიმატა, ძალიან მალე ექიმების უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამასთან ერთად ვფიქრობ,  პირველი რგოლის მედპერსონალის საფუძვლიანი გადამზადებაც საჭიროა. სახელმწიფომ ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს“, – მიაჩნია ლალი დანელიას.

მისი თქმით, ადრე ექიმები სხვადასხვა სფეროში  სამ–სამ თვიან მომზადების კურსებს გადიოდნენ, რასაც სახელმწიფო აფინანსებდა. ამ პერიოდში ექიმი სამსახურიდან გათავისუფლებული იყო, ხელფასი კი შენარჩუნებული ჰქონდა.

„ბოლო წლებში ფარმაცევტული კომპანიები იღებენ  თავზე გადამზადების საკითხს, თუმცა რამდენადაც ისინი კომერციულად დაინტერესებული მხარეს წარმოადგენენ, ლექციები ძირითადად ერთსა და იმავე თემებზეა ხოლმე და საინტერესო ნაკლებადაა. თან ექიმებსაც არ სცალიათ სამსახურის გამო.

მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა, ძალიან ბევრი ახალი და უცხო ინფექციური დაავადება გაჩნდა ქვეყანაში, ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებებიც უკვე სხვა რაკურსით განიხილება. განათლება უნდა იყოს უფრო ღრმა, საფუძვლიანი და  ამასთან ერთად საინტერესო. თან, რაც მთავარია, ექიმს ამისთვის უნდა ეცალოს, სერიოზულად უნდა მოუსმინოს ლექციებს და მოემზადოს. როცა ექიმი დღეში 35–40 პაციენტს უწევს კონსულტაციას და ამასთან ერთად ანკეტების შევსებაც მას ეხება, ფიზიკურად აღარ რჩება დრო.

ახლა იმედი გაჩნდა, რომ სამინისტრო პირველ რგოლს მიხედავს და სიტუაცია უკეთესობისაკენ გამოსწორდება“, – ამბობს ლალი დანელია.

bfm.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …