მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ფორმალური შეზღუდვების შენარჩუნება აზრს მოკლებულია“ – ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება, სავარაუდოდ, მოიხსნება

„ფორმალური შეზღუდვების შენარჩუნება აზრს მოკლებულია“ – ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება, სავარაუდოდ, მოიხსნება

შესაძლოა, პირბადის ტარების ვალდებულების დარჩენილი რეგულაციებიც მოიხსნას. ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ფორმალური შეზღუდვების შენარჩუნება აზრს მოკლებულია.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ მგზავრების დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ ასრულებს პირბადის ტარების ვალდებულებას, გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს საბედნიეროდ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, ნაკლებად ვისაუბროთ შეზღუდვებზე, მაგრამ სადაც ეს შეზღუდვები დარჩენილია, მნიშვნელოვანია მათი დაცვა.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც სიმჭიდროვე მაღალია, მნიშვნელოვანია პირბადის ტარება ისევ შენარჩუნდეს, თუმცა ესეც შესაძლებელია, გარკვეული ანალიზის შემდეგ, თუკი მაინც არ სრულდება… ფორმალური შეზღუდვების შენარჩუნება აზრს მოკლებულია და სხვა ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ შემსუბუქებას, რაც განხორციელდება ეპიდემიოლოგიური კონტროლით და თუ იქნება ოდნავ მაინც ნიშნები, რომ საჭიროა გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ესეც არაა გამორიცხული,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში პირბადის ტარების ვალდებულების შეუსრულებლობას „სამწუხაროს“ უწოდებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, რადგან არის რეკომენდაცია, პირბადე ტრანსპორტში ყოფნისას უნდა ვატაროთ.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისიდან პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა და მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის აფთიაქებში დარჩა, თუმცა აღნიშნულ რეგულაციას მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ასრულებს, ამასთან, არ ხორციელდება რეგულაციის შესრულებაზე კონტროლი.

 

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …