მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ფილტვის კიბოს მქონე პაციენტები – მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

ფილტვის კიბოს მქონე პაციენტები – მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

ეს რეალური პაციენტის ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოსახულებაა. მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, ასაკი – 70 წელი. დილეტანტისთვისაც კი ნათელია, თანამედროვე მედიცინის რამდენად ფანტასტიკური შედეგებია ასახული ოთხთვიანი ინტერვალით გადაღებულ ამ ფოტოებზე: პაციენტი, რომელსაც მეოთხე სტადიის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, პრაქტიკულად ჯანმრთელია! ეს იმუნოთერაპიისა და პერსონალიზებული მედიცინის დამსახურებაა, რომლის დანერგვამ რეალობად აქცია ის, რაც სულ რამდენიმე წლის წინ დაუჯერებელი იყო. თუმცა საქართველოში მცხოვრები უამრავი პაციენტისთვის მედიცინის ამ მიღწევას არაფერი შეუცვლია, რადგან მკურნალობა ძვირადღირებულია და, ზემოთ მოყვანილი შემთხვევისგან განსხვავებით, დაავადებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი რამდენიმე ათეული ათასი ლარი არ აქვს.

 

ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტების უმრავლესობა „უჩინარი“ მოქალაქეა, რადგან, სტიგმისა თუ სხვა მიზეზების გამო, საკუთარი პრობლემის შესახებ მათ საუბარი არ სურთ. ხელისუფლება კი, როგორც წესი, ყველაზე ეფექტიანად გახმაურებულ თემებზე რეაგირებს. ამიტომ, ამ პაციენტების სათქმელს დღეს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ. მათ უერთდებიან ექიმებიც, რომლებიც იძულებულნი არიან, მხოლოდ სამედიცინო საკითხებზე არ იყვნენ კონცენტრირებულნი და პაციენტების მკურნალობის დაფინანსების მოპოვებისთვის ბრძოლაშიც აქტიურად ჩაერთონ.

 

რა იწვევს ფილტვის კიბოს?

 

საქართველოში თამბაქოს მოხმარება დღემდე ქცევის ნორმად მიიჩნევა. მწეველებს არ სჯერათ, რომ კიბოსა და მათ „უწყინარ“ ჩვევას შორის კავშირი არსებობს. თუმცა ამ კავშირში ყოველწლიურად ასობით ადამიანი რწმუნდება, როდესაც ექიმისგან ფილტვის კიბოს დიაგნოზს ისმენს. ამის შემდეგ ისინი პოულობენ ძალას და ნებისყოფას, მოწევაზე უარი თქვან, თუმცა ეს „მოტივაცია“ უკვე დაგვიანებულია. იმის გამო, რომ ეს პაციენტები არ ჩანან, არ საუბრობენ იმაზე, რომ მათი მძიმე დიაგნოზის ერთადერთი მიზეზი თამბაქოა, დანარჩენი მწეველებისთვის კიბოსა და თამბაქოს შორის კავშირი მითად რჩება. ეს რომ მითი არ არის, ამაზე ექიმი-ონკოლოგები სტატისტიკით და მეცნიერული მონაცემებით საუბრობენ: ფილტვის კიბოს შემთხვევების 80%-ის მიზეზი სწორედ თამბაქოა. ზემოთ მოყვანილი ფოტოებიც თამბაქოს  აქტიური მომხმარებლისაა, რომელიც 47 წლის განმავლობაში აქტიური მწეველი იყო. თუმცა მას გაუმართლა – სოლიდურმა ფინანსურმა შესაძლებლობამ მას მეორე შანსი მისცა და მან ეს შანსი გამოიყენა: ჩაიტარა მკურნალობა და, ბუნებრივია, მოწევაც შეწყვიტა. ცხადია, მწეველთა ნაწილი თვითდამშვიდებისთვის მოიყვანს მაგალითებს, როდესაც მათი მეზობელი ან რომელიმე ნათესავი,რომელსაც ცხოვრებაში ერთი ღერიც არ მოუწევია,სიმსივნით დაავადდა. სტატისტიკა ნამდვილად ადასტურებს, რომ თამბაქოს გარდა,  ფილტვის კიბოს გენეტიკური ფაქტორებიც იწვევს, თუმცა – მხოლოდ 20%-ში. დანარჩენ შემთხვევებში, მოწევაზე უარის თქმით, ადამიანს შეუძლია ამ უდიდესი რისკის თავიდან არიდება.

 

ვიდრე თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი ხელშესახებ შედეგებს გამოიღებს და თამბაქოს მიმართ საზოგადოებაში დამოკიდებულება შეიცვლება, ფილტვის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს.

მსოფლიოში ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი (1 590 000)  უტოლდება ძუძუს (522 000), კოლორექტული (694 000) და წინამდებარე ჯირკვლის (307 000) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის  გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველ წელს საქართველოში ფილტვის კიბოს დიაგნოზს 600-მდე ადამიანს უსვამენ, უმრავლესობა მამაკაცია. ონკოლოგიურ დაავადებებში ფილტვის კიბო ყველაზე მაღალი  ლეტალობის მაჩვენებლით გამოირჩევა. ძირითადად გვხვდება ასაკოვან პაციენტებში.

რევოლუცია მკურნალობაში

ზემოთ მოყვანილი, რეალური პაციენტის ისტორიის სასიკეთო განვითარება ახალი მიდგომის – პერსონალიზებული მედიცინის დამსახურებაა.

ეს მიდგომა მოიცავს თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდს – ბიოლოგიური მასალის გენეტიკურ დონეზე შესწავლას და კონკრეტული პაციენტის ინდივიდუალური, უშუალოდ მასზე მორგებული სქემით მკურნალობას. ეს კი შესაძლებელია თითოეულ პაციენტში მისთვის უნიკალური მუტაციებისა და ბიომარკერების განსაზღვრის გზით.

კლინიკური ონკოლოგი ელენე გოგუა განმარტავს, რომ ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება რთულია, რადგან პირველ-მეორე სტადიაზე ის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომებიც არასპეციფიკურია და თანდათანობით შემდეგი გამოვლინებებით ხასიათდება: გახანგრძლივებული ხველა, სისხლიანი ნახველი (საყურადღებოა ასეთი თუნდაც ერთი პრეცედენტი), ადვილი დაღლა, ქოშინი, ქოშინისა და ხველის დროს ტკივილი გულ-მკერდის არეში, წონაში კლება.  სამწუხაროდ, ეს სიმპტომატიკა გვიან სტადიაზე ვლინდება და პაციენტები ძირითადად ოჯახის ექიმთან ხვდებიან, რომელიც  სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებაზე  მკურნალობას უნიშნავს. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეჭვი ფილტვის დაავადებაზე იქნას მიტანილი და პაციენტი ონკოლოგთან გადამისამართდეს.

განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოებში, ფილტვის კიბოს სკრინინგი ტარდება.  სკრინინგის დროს ირჩევა მაღალი რისკის ჯგუფები (50 წელზე ზემოთ ასაკის მწეველები) და პროცესი დაბალდოზირებადი კომპიუტერული ტომოგრაფიით ხორციელდება. თუმცა ეს ძვირადღირებული პროცედურაა და სწორედ ამის გამო ბევრი ქვეყნისთვის ხელმიუწვდომელი ფუფუნებაა.  არადა სკრინინგის პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ის 20%-ით ამცირებს სიკვდილობას. სამწუხაროდ, მსგავსი კვლევა საქართველოში არ ტარდება.

დიაგნოსტიკა რადიოლოგიური, ასევე მორფოლოგიური ანალიზებით და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევებით ტარდება. ამასთან, ხდება იმ გენური მუტაციების გამოვლენა, რომლებიც განაპირობებს ფილტვის კიბოს წარმოქმნას და განვითღარებას.

„ფილტვის კიბო საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ბიომარკერების თვალსაზრისითაც, რომლის კვლევა პერსონალიზებული მკურნალობის ჩატარების საშუალებას იძლევა, რასაც ამ დაავადების მკურნალობის უკეთეს შედეგებამდე მივყავართ,“- განმარტავს ელენე გოგუა.

ელენე გოგუას თქმით, მესამე „ა“ სტადიამდე ქირურგია უალტერნატივო მეთოდია, თუმცა ერთვება ქიმიო და სხივური თერაპიაც და ესაა კომპელქსური მკურნალობა.

მას შემდეგ კი, რაც  ონკოლოგიაში პერსონალიზებული დიაგნოსტიკა და პერსონალიზებული მედიცინა შემოვიდა, მიდგომები შეიცვალა. დაინერგა მოლეკულურ-გენეტიკური ანალიზი, რომლის პასუხის შესაბამისად, ინდივიდუალური მახასიათებლებით ხდება  მკურნალობის დაგეგმვა. ფართოდ შემოვიდა ისეთი მედიკამენტები, როგორიდაა თარგეთული ანუ სამიზნე თერაპია და იმუნოთერაპია. სწორედ გენეტიკური მუტაციების განსაზღვრის შემდეგ წყდება, პაციენტს დაენიშნოს სამიზნე თერაპია, იმუნოთერაპია თუ კომბინირებული თერაპია.

ელენე გოგუას განმარტებით, როდესაც პაციენტი ონკოლოგთან მიდის, მას უტარდება ბიოფსია – ექიმი იღებს შესაბამის მასალას და მას უტარებს მოლეკულურ-გენეტიკურ ანალიზს, რომლის საფუძველზე გამოიკვეთება, რომელმა მუტაციამ განაპირობა სიმსივნის წარმოქმნა და განვითარება, ასევე გამოიკვეთება ბიომარკერები, რომლის საწინააღმდეგოდ მკურნალობაში სამიზნე და იმუნოთერაპია ერთვება.

ამ მეთოდის სიკეთე ისიცაა, რომ მას არ აქვს გვერდითი მოვლენები და არ არის ადამიანისთვის იმ ტკივილების მომტანი, რაც ქიმიოთერაპიასთანაა დაკავშირებული.

იმუნოთერაპიამ გარდატეხა მოახდინა ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს მკურნალობაში, როგორც სიცოცხლის გახანგრძლივების, ისე ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის,“- განმარტავს ონკოლოგი.

თუმცა, როგრც აღვნიშნეთ, მედიცინის ეს მიღწევა საქართველოში პაციენტთა უმრავლესობისთვის მიუღწეველია. საყოველთაო ჯანდაცვისა და რეფერალური პროგრამებით გათვალისწინებული ლიმიტები ამ პროცედურის სრული კურსის მხოლოდ მცირე ნაწილის დაფინანსებას ჰყოფნის.  კიდევ უფრო დაბალი ლიმიტები აქვთ გამოყოფილი კერძო სადაზღვევო კომპანიებს. ამიტომ, საქართველო რჩება ქვეყნად, სადაც ონკოლოგიური პაციენტის გადარჩენის შანსები მისი მატერიალური კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულია.

 

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …