აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდებოდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. დღეს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისვე თქმით, ქსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ „ფაიზერთ“ ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც.
„მისი რაოდენობიდან გამომდინარე, ასევე მიღებული გამოცდილებიდან და აცრების შემდეგ გვერდითი რეაქციების გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებით სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც. თბილისში არის რამდენიმე დიდი ძალიან გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, ასე რომ ექსპერტების ჯგუფმა, ასევე უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა, სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ფაქტი, რომ „ფაიზერთ“ ვაქცინაცია დაიწყოს პოლიკლინიკურ ქსელშიც. დაახლოებით შვიდი დაწესებულებაა, რომელმაც გამოთქვა მზაობა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, იმუნიზაციის საბჭოზე ასევე ისაუბრეს სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე. გაბუნიას ინფორმაციით, რაიონული ცენტრის დაწესებულებებს ასევე დაევალებათ, რომ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით. გაბუნიას განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია სოფლებში „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრების გაფართობაზე.
„საუბარი იყო სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე. რაიონული ცენტრის დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, ემსახურება სოფლის მოსახლოებას სპეციალზებული სერვისებისთვის. მთავრობის დადგენილებით, ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად განისაზღვრება, რომ მათ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით. მოცვა განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე რა თქმა უნდა, შესაძლებელია, სადაც საჭირო იქნება, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას. საუბარია „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრების გაფართობაზე სოფლის დონეზე“, – აღნიშნა გაბუნიამ.