ადამიანებს, რომლებსაც „ფაიზერის“ ვაქცინით ბუსტერ-დოზის გაკეთება მომავალი წლის პირველი სამი თვის განმავლობაში უწევთ, აცრის პრობლემა არ შეექმნებათ, რადგან საქართველოს გააჩნია „ფაიზერის“ საკმარისი მარაგები, რომლებსაც ვადა 31 მარტამდე აქვთ. ამის შესახებ jandacva.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
მოქალაქეთა ნაწილს, რომელთაც „ფაიზერით“ ბუსტერის გაკეთება მომავალი წლის იანვარ-თებერვალსა და მარტში უწევთ, აინტერესებს, ხომ არ გაუვა აღნიშნული პერიოდისთვის ვადა „ფაიზერის“ არსებულ ვაქცინებს?
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიერ მიღებულ, „ფაიზერის“ ვაქცინის ერთერთ დიდ პარტიას, მაშინ მოქმედი სტანდარტით, ვადა ნოემბრის ბოლოს გასდიოდა, თუმცა სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ FDA-მ „ფაიზერის“ ვაქცინებს ვარგისიანობის ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა. ამასთან დაკავშირებით მაშინ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული და ქვეყანას ღნიშნული პარტიის ათვისების გარანტია აქვს.
„არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტი ჩვენ რეალურად გვაქვს. ამასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ „ფაიზერის“ ვაქციებს კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდა ვაქცინაციის ვადა 3 თვით, მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა. დღეის მდგომარეობით სრულად არის მოხსნილი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
შესაბამისად, აღნიშნულ პარტიას ვადა თებერვლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყანას აქვს „ფაიზერის“დამატებითი პარტია, რომელსაც ვადა 31 მარტს ეწურება.
საუბარია 500 ათას ვაქცინაზე, რომელიც საქართველომ 24 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად მიიღო.
jandacva.ge