მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ფაიზერის“ მედიკამენტი საქართველოში პირველმა კოვიდ-პაციენტმა მიიღო – არანაირი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა

„ფაიზერის“ მედიკამენტი საქართველოში პირველმა კოვიდ-პაციენტმა მიიღო – არანაირი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა

საქართველოში „ფაზიერის“ წარმოებული, კოვიდ 19-ის სამკურნალო მედიკამენტით „პაქსლოვიდით“ კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობა დაიწყო – პრეპარატი, რომელიც აბების ფორმით გამოდის, პირველმა პაციენტმა, 47 წლის ქალმა გუშინ ღამე მიიღო. როგორც ცენტრალურ ონლაინკლინიკაში აცხადებენ, აღნიშნული მედიკამენტი პაციენტს ჰოპერტენზიისა და სახსრების ტკივილის გამო დაენიშნა. აბების მიღებამ წარმატებით, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე ჩაიარა.

მედიკამენტები კლინიკებშია გადანაწილებული და ოჯახის ექიმის მიერ მისი დანიშვნის შემდეგ ის პაციენტთან ბინაზე მიაქვთ. პირველი აბის დალევის პროცესს მეთვალყურეობას ექიმი უწევს, მომდევნო დღეებში კი ტელეფონით ურეკავს პაციენტს და ახსენებს პრეპარატის მიღების შესახებ, თან მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობასაც ამონიტორინგებს. მედიკამენტის მიღების დაწყება პირველი სიმპტომებისთანავეა რეკომენდებული და მისი მიღების პერიოდი 5 დღეა – დღეში ორჯერ, 12-საათიანი ინტერვალით, ორ-ორი აბის რაოდენობით.

საქართველო პირველია რეგიონში, რომელმაც „ფაიზერის“ წარმოებული მედიკამენტი (10 000 დოზა) მიიღო. გადახდილი თანხა არ სახელდება. პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, ქრონიკული დაავადებებისა და  დამძიმების მაღალი რისკის მქონე (არტერიული ჰიპერტენზია, გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ჭარბი წონა და სხვა) პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. რისკფაქტორებში შედის 65 წელზე მაღალი ასაკიც. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „პაქსლოვიდი“ სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის რისკებს 89 %-ით ამცირებს, ხოლო უკუჩვენებები მინიმალურია.

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, არა მხოლოდ რეგიონში, მსოფლიოშიც კი საქართველო ერთერთი პირველი იყო, რომელმაც აღნიშნული მედიკამენტი შეიძინა, რაც ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის ხელმძღვანელობის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების უდიდესი ძალისხმევის შედეგია. ცერცვაძის თქმით, მსოფლიოში ბევრმა აღნიშნული მედიკამენტის შესახებ არც კი იცოდა, როდესაც საქართველომ მის შეძენაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

პრეპარატის უპირატესობად თენგიზ ცერცვაზე აბების ფორმას ასახელებს. მისივე განცხადებით, „რემდესივირი,“ რომლის ეფექტიანობა ასევე ძალიან მაღალია და რიგ შემთხვევაში „პაქსლოვიდის“ ეფექტიანობასაც აღემატება, ინტრავენური მედიკამენტია და მისი მიღება კლინიკაში ხდება. მისი განცხადებით, სწორედ ბინაზე მიღებაა „პაქსლოვიდის“ მთავარი უპირატესობა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …