ძუძუს კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს.
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო“ რეგიონში მცხოვრები ძუძუს პაციენტების დასახმარებლად კამპანიას #ნუგანგვასხვავებთ იწყებს და დასახმარებლად სახელმწიფოს მიმართავს. „თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე თბილისსა თუ რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის. ჩვენ, თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებელ ძუძუს კიბოს მქონე ქალებს ერთი დიაგნოზი და ერთი ქვეყანა გვაერთიანებს, შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც ერთი იყოს,“ – ასეთია მათი ინიციატივა და მიაჩნიათ, რომ პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.
ცნობისათვის, ძუძუს კიბოს მკურნალობის ონკოლოგიურ სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონში მცხოვრებ ქალებზე აისახება და გამოიხატება შემდეგში:
საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, ადრეული მაღალი რისკის მქონე HER+ ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის თარგეთული მკურნალობის (დამიზნებითი თერაპია- ორმაგი ბლოკადით) 18 ციკლის ჩატარებაა რეკომენდებული.
დღეს, რეგიონში მცხოვრები ანალოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ორმაგი ბლოკადით მკურნალობის ჩატარება ხელმისაწვდომი არაა, რაც დედაქალაქში (თბილისში) მაცხოვრებელ პაციენტებთან შედარებით დისკრიმინაცია და უთანასწორობაა. არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა ზრდის დაავადების პროგრესირების და რეციდივის რისკებს მაშინ, როცა, დღეს, ადრეული ძუძუს კიბოს განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დროს შესაძლებელია ძუძუს კიბოს დამარცხება და ნებისმიერ სტადიაზე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
მეტასტაზური HER2 დადებითი ძუძუს კიბოს დროს, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს არ აქვთ ოპტიმალური მკურნალობის შესაძლებლობა: დედაქალაქთან შედარებით განსხვავებულია სამკურნალო ციკლების რაოდენობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 ციკლი, დედაქალაქის პაციენტთათვის კი, 12 ციკლი), რაც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
„რეგიონში მცხოვრები პაციენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ. მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, ძუძუს კიბოს მქონე ყველა პაციენტისთვის გახდეს მკურნალობა თანაბარი და ხელმისაწვდომი, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები პაციენტი იმსახურებს სიცოცხლის უფლებას, “ – აცხადებს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.