ქვეყანაში საექთნო სფეროში უარყოფითი სალდო გვაქვს – უფრო ნაკლები ადამიანი შედის ამ პროფესიაში, ვიდრე ტოვებს ამ პროფესიას. ამის შესახებ სტრატეგიული მიმართულებით „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ეკა ქავთარაძემ განაცხადა.
„ქვეყანაში, ერთის მხრივ, ექთნების საჭიროზე ნაკლები რაოდენობაა და მეორეს მხრივ, გვაქვს უარყოფითი სალდო – უფრო ნაკლები ექთანი შედის საექთნო პროფესიაში, ვიდრე ტოვებს ამ პროფესიას. ამას ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს და დავიწყებდი იმით, რომ საჭიროა ჯანდაცვის სექტორში ჩართულმა ყველა მხარემ აღიაროს და პატივი სცეს ამ პროფესიას, რაშიც ანაზღაურების ზრდაც მოიაზრება,“ – განაცხადა ქავთარაძემ.
მისი თქმით, საექთნო პროფესიის გარეშე ჯანდაცვის დარგი არათუ ვერ განვითარდება, ვერც იარსებებს, ამ სპეციალობის განსავითარებლად კი ექთნის საქმიანობას მენეჯერების მხრიდან ექიმთან გათანაბრებული მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს.
ეკა ქავთარაძის თქმით, „ევექსი ჰოსპიტლებმა“ საექთნო პროფესიის განვითარების მიზნით 2021 წელს დაიწყო პროექტი, როლის შედეგადაც საექთნო მიმართულების დაფინანსება 10 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც მოიცავს როგორც ანაზღაურების ზრდას, ისე უწყვეტი განათლების სისტემას. ვინც განათლების ამ სისტემას გაივლის, დამატებით ანაზღაურებას იღებს. ასევე ბონუსების სისტემა მოქმედებს იმ ექთნებისთვის, რომელთა მიერ ჩატარებული მკურნალობით პაციენტების კმაყოფილება მაღალი იქნება.