მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „ევექსის“ მენეჯერი: ექთნების ის რაოდენობა, რომელსაც ახალი სტანდარტები ითხოვს, ქვეყანაში ფიზიკურად არ არსებობს

„ევექსის“ მენეჯერი: ექთნების ის რაოდენობა, რომელსაც ახალი სტანდარტები ითხოვს, ქვეყანაში ფიზიკურად არ არსებობს

ექთნების ის რაოდენობა, რომელსაც ქირურგიისა და რეანიმაციის ახალი სტანდარტი ითხოვს, ქვეყანაში ფიზიკურად არ არსებობს – ამის შესახებ კლინიკების წარმომადგენლები საუბრობენ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტების ამოქმედების გადავადებას სთხოვენ.

მათივე თქმით, პრობლემაა სტანდარტების ინფრასტრუქტურული ნაწილი, რომლის დაკმაყოფილებაც არათუ რეგიონებში მდებარე, დიდ ჰოსპიტლებსაც კი გაუჭირდებათ.

„ევექსის“ რაიონული კლინიკების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი ამბროლიანის განცხადებით, სანებართვო ცვლილებები უნდა იხვეწებოდეს და ეს აუცილებელია, მაგრამ ეს უნდა იყოს თანმიმდევრული და ცვლილებების პროცესში რეალობა უნდა იყოს გათვალისწინებული.

მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურული რეგულაციები ორ ნაწილს მოიცავს – აპარატურას და და შენობის პირობებს – რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთ საწოლზე, როგორ უნდა იყოს განლაგებული და მოწყობილი შენობა. მეორე ნაწილი კი აპარატურას ეხება. ამბროლიანი ამბობს, რომ შენობებში დაწესებული რეგულაციების შესრულება „დღეს ფიზიკურად შეუძლებელია.“

ჯანდაცვის ასოციაციის პრეზიდენტის ნინო კიკნაძის განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ საკითხზე შეხვედრები მუდმივად მიმდინარეობს და სექტორის წინადადებების ნაწილი გათვალისწინებული იქნა, თუმცა ბევრი არგუმენტი სამინისტროს მხრიდან ამ დრომდე არ არის გათვალისწინებული.

„რეგულაციები ითვალისწინებს პალატების და მიმღებების მოცულობის გაზრდას, რაც არა მხოლოდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, არამედ იმასთან, რომ კლინიკას რემონტის პერიოდში ვერ გააჩერებ. ეს რეგიონებისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება, რადგან შენობები პატარაა და  ზოგ შემთხვევაში იქ მხოლოდ თითო მიმწოდებელია, რის გამოც შეუძლებელი იქნება კლინიკის სარემონტო სამუშაოების პერიოდში გაჩერება,“ – განაცხადა კიკნაძემ. მისი თქმით,  ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ეს ხედვები უწყების წარმომადგენლებს გაუზიარეს და სამინისტროს მხრიდანაც პრობლემები გაგებით იყო აღქმული, თუმცა გაახანგრძლივებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ვადებს, ჯერ უცნობია.

მისი თქმით, რეგულაციების ამოქმედება მინიმუმ ნახევარი წლით მაინც უნდა გადავადდეს, რომ სექტორს გადაწყობის დრო ჰქონდეს.

გიორგი ამბროლიანი ყურადღებას ამახვილებს ადამიანურ რესურსთან დაკავშირებულ სტანდარტზე: მისი განმარტებით, ახალი რეგულაციებით ორ საწოლზე რეანიმაციაში ერთი ექთანი უნდა იყოს, ანუ 10-საწოლიან რეანიმაციაში 5 ექთანი უნდა მუშაობდეს, რაც, მისივე თქმით, ფიზიკურად არ არსებობს. მეტიც: ამბროლიანი ამბობს, რომ რეგულაციებით გათვალისწინებული რაოდენობის ექთანი მთელ ქვეყანაში არ არის.

„რომ დავთვალოთ, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ექთანი სჭირდება ქვეყანას, ეს რაოდენობა ფიზიკურად არ იქნება,“ – განმარტა მან.

რეანიმაციის და ქირურგიის სტანდარტები ძალაში 2023 წლის 1 სექტემბრიდან შედის.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკა რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …