მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „ეს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“- კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაზე

„ეს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“- კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაზე

ჯანდაცვის ასოციაცია მიესალმება კლინიკების დაფინანსების ახალ სქემას, რომლის დანერგვას ჯანდაცვის სამინისტრო წლის განმავლობაში აპირებს, საპილოტე პერიოდი კი უახლოეს 2-3 თვეში უნდა ჩაეშვას.

საუბარია ე.წ დიარჯის (DRG) სისტემაზე, რომლის მიზანიც სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებაზე სამართლიანი ფასები დადგენაა. ფასების დადგენისთვის სპეციალური ფორმულა უკვე ამუშავებულია.

სისტემა გულისხმობს პაციენტზე გაწეული მკურნალობის ფაქტიური ხარჯის ანაზღაურების ნაცვლად, საავადმყოფოების დაფინანსებას პაციენტების დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ დადგენილი და განფასებული სამკურნალო სტანდარტების მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად  შეიცვლება.

მსგავსი დაავადებების განფასებისას გათვალისწინებული იქნება ქვეყნის გეოგრაფიული დაყოფა (რეგიონი, ქალაქი, რაიონი, სოფელი),  სამედიცინო დაწესებულების დონე (ზოგადი პროფილის საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, რეგიონული და ქალაქის საავადმყოფოები), პერსონალის კვალიფიკაცია.

ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი და ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი მაია მახარაშვილი ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ძველი კლინიკები 2013 წელს დადგენილი, „ისტორიული“ ფასებით ოპერირებენ, რადგან მას შემდეგ ტარიფების დათვლის მეთოდოლოგია არ გადახედილა. სწორედ ტარიფების გადახედვაა ის საკითხი, რომელიც ბოლო თვეებში ასოციაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის განხილვის მთავარი თემაა.

კლინიკებზე ფინანსური ზეწოლა მოხდა – გაზრდილი ფასები სახარჯ მასალებზე, კოვიდის მართვა და ა.შ. ძველი ფასები უკვე არაადეკვატურია. ამიტომ ასოციაციამ იმუშავა განფასების მეთოდოლოგიაზე, რათა ეს პროცესი გამჭვირვალე იყოს ორივე მხარისთვის – შემსყიდველის და სერვისის გამწევისთვის და არ აჩენდეს კითხვებს კლინიკების არაკეთილსინდისიერების თუ კეთილსინდისიერების შესახებ. ეს საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან განვიხილეთ და მასზე წინასწარი შეთანხმებაც შედგა. სახელმწიფო დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსებაზე გადადის. ეს ჩვენი ქვეყნისთვისაა სიახლე, თუმცა ანაზღაურების გამოცდილი მეთოდია, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანასა და ამერიკაში მუშაობს. ძალიან ბევრი სჯა-ბაასი იყო ტარიფებზე. 520-ე დადგენილება კიდევ უფრო არაადეკვატურს ხდის მდგომარეობას და  რეალობას არ შეესაბამება. სამინისტრომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ გზით წავა. ეს არის ანაზღაურების მეთოდი, რომელიც მტკიცებულებებზეა დაფუძნებული და თუ დაინერგა, ველოდებით, რომ ეს გააუმჯობესებს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობას, იქნება ადეკვატური და პროგნოზირებადი ორივე მხარისთვის -ბიუჯეტისთვისაც და სამედიცინო დაწესებულებისთვისაც,“ – განაცხადა მაია მახარაშვილმა.

რაც შეეხება პაციენტების ინტერესს, მახარაშვილის თქმით, ახალმა მეთოდოლოგიამ უნდა დაარეგულიროს პაციენტების დანახარჯებიც, რადგან კლინიკებს ეძლევათ გარკვეული კოეფიციენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ანაზღაურება. კოეფიციენტს განსაზღვრავს გეოგრაფიული მდებარეობა – მაგალითად, დედაქალაქში ექიმის ხელფასი მეტია, ვიდრე რეგიონულ ცენტრში. ამიტომ ასეთი კლინიკის კოეფიციენტი უფრო მაღალი იქნება. ასევე მაღალი იქნება ის იმ შემთხვევაში, თუ კლინიკას, მაგალითად გადანერგვის მომსახურება აქვს. შესაბამისად, როგორც მაია მახარაშვილი ამბობს, ეს მეთოდი სამართლიან ფასს დაადგენს, რომლის მიხედვითაც კლინიკები ოპერირებას განახორციელებენ.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …