ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული კოვიდ-პაციენტის გარდაცვალების ფაქტები დაადასტურა.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები დადასტურდა, თუმცა ამავე დროს ხაზი გაუსვა, რომ ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი, რადგან მსოფლიოში მსგავსი ფაქტები ფიქსირდება და გარდაცვალების შემთხვევათა 0,001%-ს შეადგენს.
მინისტრის თქმით, ორჯერ ვაქცინირებული გარდაცვლილი ადამიანების შემთხვევაში ფიქსირდებოდა სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რაც პაციენტების ქრონიკული დაავადებებით იყო გამოწვეული.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებდა, რომ ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული პაციენტების გარდაცვალების 2 სავარაუდო შემთხვევა იყო, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობდა – კერძოდ, სხვა ფაქტორებთან ერთად, უნდა დადგენილიყო, რა ვადა იყო გასული მეორე ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანუ გამომუშავებული იყო თუ არა სრული იმუნიტეტი. გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ორი დოზით აცრილი კოვიდპაციენტის გარდაცვალების შესახებ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრს არ დაუსახელებია ზუსტი რაოდენობა, ორჯერადად აცრილი რამდენი პაციენტი გარდაიცვალა ქვეყანაში. მას არც ის ვაქცინები დაუკონკრეტებია, რომლებიც გარდაცვლილებს ჰქონდათ გაკეთებული – ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ადამიანის პერსონალური ინფორმაციაა.