მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ერთხელ აცრილი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი იმუნიტეტის დასუსტება არ არის – ექიმები მორიგი მითის წინააღმდეგ

ერთხელ აცრილი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი იმუნიტეტის დასუსტება არ არის – ექიმები მორიგი მითის წინააღმდეგ

მოსაზრება, რომ კოვიდვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემდეგ ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება და ერთჯერადად აცრილების  დაინფიცირების შემთხვევების მატება ამას უკავშირდება, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. ამის შესახებ jandacva.ge-ს ციციშვილის ბავშვთა კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კოვიდვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემდეგ იმუნიტეტი არათუ სუსტდება, პირიქით – ძლიერდება და ასეთ ადამიანებს ინფექცია შედარებით მსუბუქად გადააქვთ.

დავით რეხვიაშვილის თქმით, მსგავსი მოსაზრებების გავრცელება ანტივაქსერულ კამპანიას უკავშირდება და აბსურდია.

ამასთან, მედიკოსის განცხადებით, ერთხელ აცრილთა ინფიცირების შემთხვევები არ უნდა გაგვიკვირდეს ვირუსის ფართო გავრცელების ფონზე. რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანებმა დრო არ უნდა დაკარგონ კონკრეტული ვაქცინის ლოდინში და ხელმისაწვდომი პრეპარატით უნდა აიცრან, რადგან, ქვეყანაში კოვიდ 19-ის აქტიური ცირკულირების გამო, ლოდინის პერიოდში ან პირველი ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაინფიცირების რისკი მაღალია.

თბილისის ინფექციური კლინიკის წარმომადგენლის, ინფექციონისტ რევაზ მეჭურჭლიშვილის განცხადებითაც, პირველი ვაქცინაციის შემდეგ ადამიანის იმუნიტეტი არ სუსტდება, უბრალოდ, ამ პერიოდში ხდება იმუნიტეტის გამომუშავება, რასაც დრო სჭირდება და ამ პერიოდის გასვლამდე ადამიანი კოვიდის მიმართ ჯერ კიდევ დაუცველია. მედიკოსის განმარტებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, იმის ალბათობაც მაღალია, რომ ადამიანი უკვე აცრის გაკეთების მომენტში იყოს ინფიცირებული.

რევაზ მეჭურჭლიშვილის თქმით, იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმში პირველი აცრის შემდეგ იწყებს წარმოქმნას, თუმცა ანტისხეულების გამომუშავებას 10 დღე მაინც სჭირდება  და ამ პერიოდში ვაქცინა ჯერ კიდევ ვერ იცავს ადამიანს. მისივე თქმით, ერთხელ აცრილის ინფიცირების შემთხვევების გამომწვევი ერთერთი მიზეზი ისიცაა, რომ პირველი აცრის შემდეგ ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ და რეკომენდაციებს სათანადოდ აღარ იცავენ.

შეგახსენებთ: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს კოვიდინფექციით გარდაცვლილთა 99.7%  აუცრელი იყო. ორჯერ აცრილ მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი 0, 3%-ია, ერთხელ იმუნიზებულებში კი 0,9%.  დღეს დილის მდგომარეობით, საქართველოში 523 ათასი ადამიანია აცრილი, აქედან ორჯერადად აცრილია 165 ათასი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5,8 %-ს შეადგენს.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …