ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აცრების მინიმალური დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. გუშინ ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 9 ადამიანი აიცრა.
სავარაუდოდ, ასეთი დაბალი მაჩვენებლის გამომწვევი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინებით აცრის პროცესი შეჩერებულია, რადგან არსებულ მარაგებს ვადა 31 მარტს გაუვიდა, ახალი პრეპარატებით აცრები კი, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირის შუა რიცხვებში დაიწყება. ამასთან, „სინოფარით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება.
რაც შეეხება ეპიდსიტუაციას, ის სტაბილიზაციას განაგრძობს: ბოლო 24 საათში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა.
გარდაიცვალა 2 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 4,01%, ბოლო 14 დღის – 2,82%, ბოლო 7 დღის – 2,23%
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 491 კოვიდპაციენტი იმყოფება.