ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კომპანია Roche Diagnostic-ის კოლაბორაციით, თბილისში დაიწყო საპილოტე პროექტი – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი პირველად პაპ-ტესტსა და Hr-HPV დნმ ტესტირების საფუძველზე.
კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით, ის რეკომენდაციები შემუშავდება, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და სიცოცხლეს უფრო მეტ ქალს შეუნარჩუნებს.
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში კვლევისთვის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია გაიხსნა და პროექტიც ოფიციალურად დაიწყო.
ლაბორატორიის გახსნას თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და Roche Diagnostic-ის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი, ასევე, კომპანიის წარმომადგენელი ირაკლი ლომსაძე დაესწრო.
პროექტის მნიშვნელობაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრი მუდმივად ცდილობს, კიბოს სკრინინგში არსებული მსოფლიოს თანამედროვე მიდგომები დანერგოს და უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენოს, რათა მოქალაქეებმა სრულფასოვანი და საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო მომსახურება მიიღონ.
მაღალტექნოლოგიური კვლევების, კერძოდ, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდის დანერგვამ ქალის ორგანიზმში აღნიშნული ვირუსის გამოვლენა შესაძლებელი გახადა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში Hr-HPV დნმ ტესტის გამოყენება წარმატებით დაიწყო. კვლევაში მონაწილეობას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 30-60 წლის ქალები შეძლებენ, რომლებიც კვლევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.