იყო შემთხვევები, როცა მინიმალური ხელფასის ამოქმედების შემდეგ კლინიკები მედპერსონალის მანამდე არსებული ხელფასის შემცირებას შეეცადნენ. ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ გადაცემაში „ბიზნეს პოსტი“ განაცხადა.
„პირობითად, თუ ექთანს საათში 10 ლარი ჰქონდა ხელფასი, როცა სახელმწიფომ დააწესა 7 ლარი, მედპერსონალს უთხრეს, რომ ესაა ზღვარი და იძულებულნი არიან, ამ ზღვრამდე ჩამოიყვანონ მათი ხელფასი. ეს კი შრომის კოდექსიდან გამომდინარე, არასწორია, რადგან შრომის პირობების გაუარესება მხარეების თანხმობას საჭიროებს,“ – განმარტა ბექა ფერაძემ.
რაც შეეხება სხვა დარღვევებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში მომუშავე ექთნებისა და ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურების წესს შეეხება, ფერაძე ამბობს, რომ დარღვევები უკვე მანამდე ფიქსირდებოდა, ვიდრე ხელფასების ახალი წესით ჩარიცხვები დაიწყებოდა.
„კოვიდკლინიკების შემოწმებამ გვაჩვენა, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული თანხები სწორად არ მიემართებოდა სამედიცინო პერსონალისკენ. საუბარი იყო რამდენიმე მილიონიან დანაკლისზე და ჩვენ განვახორციელეთ ინსპექტირებები ამ მიმართულებითაც. შედეგად, დავავალეთ კლინიკებს, მოეხდინათ ანაზღაურება. იგივე გამოწვევები რომ არ გვქონდეს, პირველივე თვიდან ვახდენთ მონიტორინგს მინიმალურ ხელფასებთან დაკავშირებითაც. რა ინფორმაციაც მედპერსონალმა მოგვაწოდა, დარღვევები შეეხებოდა იმას, რომ დაგეგმილი იყო პერსონალის ჩამოქვეითება. მაგრამ როდესაც მოგვმართა სამედიცინო პერსონალმა, მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება და ეს პრობლემა აღმოიფხვრა. ასევე გვქონდა შემთხვევა, როცა სამედიცინო დაწესებულება პერსონალს სთავაზობდა, „საკუთარი ნებით“ უარი ეთქვა გაზრდილ ხელფასზე. აქაც მოვახდინეთ რეაგირება და აღნიშნული პრობლემა მოგვარდა,“ – განაცხადა ბექა ფერაძემ და აღნიშნა, რომ მარტის ბოლოდან ამ სფეროს გაკონტროლება მთლიანად ელექტრონული გახდება და უწყებას ყოველთვიურ ჭრილში ექნება მონაცემები, როგორ და რა მასშტაბით ერიცხება მედპერსონალს კუთვნილი ანაზღაურება.
ამასთან, ბექა ფერაძე ხაზს უსვამს, რომ კლინიკები მხოლოდ ხელფასის მინიმალური ზღვრით არიან შეზღუდულნი და შეუძლიათ, მედპერსონალს ამაზე მეტი ანაზღაურება გადაუხადონ.
ბექა ფერაძის თქმით, უკვე მოხდა არაერთი პრეცედენტი, როდესაც ექიმებს კუთვნილი თანხები შრომის ინსპექციის ჩარევის შემდეგ დაერიცხათ, ამიტომ მათ უფრო აქტიურად დაიწყეს უწყებისადმი მიმართვა. მისივე განცხადებით, მედპერსონალის გააქტიურებას ხელი კონფიდენციალობის დაცვის პრინციპმაც შეუწყო.
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.