საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში მომუშავე ექიმებისა და ექთნებისთვის იანვრიდან მინიმალური საათობრივი ანაზღაურების ტარიფები დაწესდება. თუმცა ესაა მხოლოდ მინიმუმი და კლინიკებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, მედიკოსებს მეტი გადაუხადონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ერთერთი პრობლემა ისაა, რომ ექიმები ძირითადად გამომუშავებაზე არიან ანუ აქვთ მინიმალური ფიქსირებული ხელფასი – მაგალითად 200-300 ლარი, ხოლო თითოეული სამედიცინო ჩარევიდან დანამატს იღებენ.
„აქაც მოწესრიგდება ეს პრობლემა, რადგან ექიმს უნდა ჰქონდეს ის მოტივაცია, პაციენტს რა კონკრეტული სამედიცინო ჩარევებიც სჭირდება, მხოლოდ იმ ნაწილში მოემსახუროს, და არა ისე, რომ რომ იცოდეს, რაც უფრო მეტ ჩარევას გააკეთებს, მეტ შემოსავალს მიიღებს. ექიმს უნდა ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება და დატვირთულობიდან და ჩართულობიდან გამომდინარე, თუ არის ამის საჭიროება და შესაძლებლობა, კლინიკებს შეუძლიათ მისცენ ბონუსის და დანამატის სახით, და არა ისე, რომ ხელფასი იყოს 200-300 ლარი და დანამატით 5 და 10 ათასი ლარი გამოუვიდეთ,“- აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომ მინიმალური ხელფასი „დიარჯის“ დანერგვის ნაწილი არაა და ესაა ცალკე რეფორმა, რომელიც იანვრიდან ამოქმედდება.