მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ექიმები ქორწილებისა და ქელეხების დაშვებას ეწინააღმდეგებიან

ექიმები ქორწილებისა და ქელეხების დაშვებას ეწინააღმდეგებიან

კლინიკური სექტორის წარმომადგენლები სოციალური ღონისძიებების დაშვებას ამ ეტაპზე მიუღებლად მიიჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ აცრის დაბალი მაჩვენებლისა და ომიკრონის სწრაფი გავრცელების უნარის გათვალისწინებით, ქვეყანაში დახურულ სივრცეში ხალხმრავალი ღონისძიებების აკრძალვის მოხსნა ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებთანაა დაკავშირებული.

ივანე  ჩხაიძე ამბობს, რომ პანდემიის მეექვსე ტალღის დასასარული და ინფიცირების მინიმუმამდე შემცირება თებერვლის ბოლოს და მარტის პირველი კვირისთვისაა მოსალოდნელი, თუმცა დახურულ სივრცეში ხალხმრავალი შეკრებების ფორმების – დაბადების დღეების, ქორწილებისა და ა.შ. – გადახდის აკრძალვის მოხსნა, ომიკრონის გავრცელების ძალიან სწრაფი დინამიკისგან გამომდინარე, ძალიან ნაადრევია.

„ბევრი ქვეყანა ომიკრონის წინააღმდეგ ასეთ აკრძალვებს ნაკლებ ეფექტურ ღონისძიებად განიხილავს, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ დახურულ სივრცეში ამ ვირუსის მაღალი გადამდებლობის და სწრაფი გავრცელების უნარი რისკებს ტოვებს, რომ ამ შეზღუდვის მოხსხნამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფიცირებულთა რაოდენობის მატება,“ – აცხადებს ვანო ჩხაიძე.

იგივე პოზიცია აქვს რესპუბლიკური კლინიკის დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძეს, რომლის თქმითაც, ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და თავყრილობებში მონაწილეობისგან თავის შეკავება კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფაქტია, რომ ომიკრონის, განსაკუთრებით კი მისი მეორე შტამის გადამდებლობა ძალიან მაღალია.

„პირადად ჩემი დამოკიდებულებაა, რომ თვითრეგულაცია და სამოქალაქო პასუხისგმგებლობა უნდა გაიზარდოს,“ – აცხადებს უგრეხელიძე.

თბილისის ინფექციური კლინიკის ექიმის მაია ზალდასტანიშვილის განცხადებითაც, ის ყველანაირი დიდი თავშეყრის წინააღმდეგია, რადგან ამ აკრძალვის მოხსნა იქნება ვირუსის გავრცელების წყარო.

„რაც უფრო დიდი ჯგუფები იქნებიან ინფიცირებულები, მით მეტი იქნება მძიმე შემთხვევები. რეგულაციების მოხსნა შესაძლებელი იქნება, თუ მოსახლეობის 75% მაინც იქნება აცრილი, იმიტომ, რომ აცრილ პაციენტებში ეს დაავადება მძიმედ არ მიდის,“- აცხადებს ზალდასტანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში სოციალური ღონისძიებების (ქორწილი, ქელეხი, იუბილეები, ნათლობები) გამართვა მაქსიმუმ 10 ადამიანის მონაწილეობითაა ნებადართული. არსებული ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ამ ლიმიტის 100-მდე გაზრდაზე იმსჯელებენ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …