მედიკოსები მოსახლეობას მიმართავენ და აფრთხილებენ, რომ ვირუსების სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზეც იფიქრონ.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ვანო ჩხაიძის განცხადებით, ნოემბრიდან ქვეყანა რესპირაციული ვირუსების შემთხვევების მატებას ელოდება და ესაა ტენდენცია, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება.
„ნოემბერი-დეკემბერი-იანვარი-თებერვალი-მარტი – ეს 5 თვე გახლავთ რესპირაციული ვირუსული ინფექციების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი – ესაა გრიპი, ადენოვირუსი და სხვა ვირუსული ტიპის დაავადებები.
ამიტომ ბევრმა ქვეყანამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა – მაგალითად ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ გარკვეულ ჯგუფებში – ექიმებში და 70 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ოქტომბრის ბოლომდე გამოიყენონ მესამე გამაძლიერებელი ბუსტერული დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ და ამავე ვაქცინაციას დაამთხვიონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
ანუ ეს ჯგუფი, სადაც ყველაზე მაღალია გრიპის გართულებების რისკი, მზად იყოს ზამთრის სეზონისთვის. საქართველოში ჯერჯერობით საკითხი ასე არ დგას, ჩვენ არ განვიხილავთ ბუსტერის აუცილებლობას, მაგრამ ის, რაც გრიპთან დაკავშირებით ხდება, გასათვალისწინებელია. ჩვენ ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერიოზული მატება გვაქვს, 200 ათასი იყო შარშან და წელს ალბათ უფრო მეტი ციფრი იქნება. გრიპის სეზონისთვის მზადება ნიშნავს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების იმუნიზაციას. პირველ რიგში ესაა რეკომენდაცია ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონდე 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის,“- განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, გასულ სეზონზე გრიპის ვაქცინაციის პროცესში აქცენტი ორსულებზე იყო გაკეთებული და ეს ჯგუფი წელსაც საყურადღებოა, რადგან როგორც გრიპის, ისე კორონავირუსის გართულების რისკი ორსულ ქალებში მაღალია.
რაც შეეხება ვაქცინებს შორის ინტერვალს, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ნებისმიერ ორ სხვადასხვა ვაქცინას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2 კვირა. გამონაკლისი მხოლოდ ცოფის და ტეტანუსის ვაქცინაა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში ოქტომბერში იწყება.