კადრების პროფესიონალიზმი და ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით არსებული ცალკეული გადაწყვეტილებები ჯანდაცვის ბიზნესში ყველაზე მთავარი გამოწვევებია.
ამის შესახებ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში „ენმედიცის“ მმართველმა კობა ბურნაძემ განაცხადა.
დაფინანსების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრისას ბურნაძე DRG-მოდელზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ის დაფინანსება, რომელსაც ეს სისტემა ითვალისწინებს, სამედიცინო სერვისის ხარისხზე იმოქმედებს.
„ქვეყანა თითქოს ცდილობს, დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, თუმცა საქართველოს იმხელა რესურსი არა აქვს, რაც ევროპულ ქვეყნებს. გასაგებია, რომ ყველა პაციენტს სახელმწიფო ვერ დააკმაყოფილებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დარგი არ ჩაიძიროს. ეს რისკი ყოველთვის არსებობს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო კლინიკების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა. თუმცა ის დაფინანსებები, რომელთაც DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) და საყოველთაო ჯანდაცვა ითვალისწინებს, არაპროპორციულია. DRG-ის მიხედვით, კონკრეტულ მომსახურებაში პაციენტს განსაზღვრულ თანხაზე მეტს ვერ გადაახდევინებ, თუმცა უფრო მაღალ ფასად პაციენტს გაცილებით ხარისხიანად მოემსახურები. ამიტომაც ვფიქრობთ, ეს გარკვეულწილად ხარისხზე იმოქმედებს,“ – აცხადებს „ენმედიცის“ ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ის DRG-მოდელს მიესალმება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კლინიკებს მისცემდა უფლებას, დაეშვა თანაგადახდა პაციენტის მხრიდან. ანუ სახელმწიფოს დადგენილი თანხა გადაეხადა და დამატებითი თანხა თავად პაციენტს აენაზღაურებინა, თუ მას ამის სურვილი ექნებოდა.
„მესმის, რომ სახელმწიფოს ხარჯების შემცირება სურს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის სანაცვლოდ. ეს სამედიცინო სფეროა, აქ ხარისხი უმნიშვნელოვანესია. „ენმედიციში“ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ,“ – აღნიშნავს ბურნაძე.