მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებმა აქცია გააუქმეს – ჯანდაცვის მინისტრმა პრობლემის მოსაგვარებლად რა დავალება გასცა

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებმა აქცია გააუქმეს – ჯანდაცვის მინისტრმა პრობლემის მოსაგვარებლად რა დავალება გასცა

დღევანდელი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან დროებით გაუქმებულია.
ინფორმაციას ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო“ ავრცელებს, რომელიც ამ აქციის ორგანიზატორი იყო. ორგანიზაციის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა დიალოგისთვის, შესაბამისად „ევროპა დონა საქართველო“ ქმედითი ნაბიჯების მოლოდინშია.
#ნუგანგვასხვავებთ – თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში – ამ სლოგანით ორგანიზაციამ აქცია 28 ივნისს, 13:00 საათზე დააანონსა.

პროტესტს გამოთქვამენ ძუძუს კიბოს  მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები, რომელთა მოთხოვნაა  თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში.

„თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე თბილისსა თუ რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის. ჩვენ, თბილისისა და რეგიონების მცხოვრებ ძუძუს კიბოს მქონე ქალებს ერთი დიაგნოზი და ერთი ქვეყანა გვაერთიანებს, შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც ერთი იყოს,“ – ასეთია მათი ინიციატივა და მიაჩნიათ, რომ  პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.

„რეგიონში მცხოვრები ძუძუს კიბოს  მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ,  მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება! სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მკურნალობა,“ –  ნათქვამია ძუძუს კიბოს  მქონე პაციენტების განცხადებაში.

ცნობისათვის, ძუძუს კიბოს მკურნალობის ონკოლოგიურ სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონში მცხოვრებ ქალებზე აისახება და გამოიხატება შემდეგში:

საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, ადრეული მაღალი რისკის მქონე HER+ ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის თარგეთული  მკურნალობის (დამიზნებითი თერაპია- ორმაგი ბლოკადით)  18  ციკლის ჩატარებაა რეკომენდებული. დღეს, რეგიონში მცხოვრები ანალოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ორმაგი ბლოკადით მკურნალობის ჩატარება  ხელმისაწვდომი არაა, რაც  დედაქალაქში (თბილისში) მცხოვრებ პაციენტებთან შედარებით დისკრიმინაცია და უთანასწორობაა. არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა ზრდის დაავადების პროგრესირების და რეციდივის რისკებს მაშინ, როცა, დღეს, ადრეული ძუძუს კიბოს  განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დროს შესაძლებელია ძუძუს კიბოს დამარცხება და ნებისმიერ სტადიაზე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

მეტასტაზური HER2 დადებითი  ძუძუს კიბოს დროს, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს არ აქვთ ოპტიმალური მკურნალობის  შესაძლებლობა: დედაქალაქთან შედარებით განსხვავებულია სამკურნალო ციკლების რაოდენობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 ციკლი, დედაქალაქის პაციენტთათვის კი, 12 ციკლი), რაც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავა. ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის.

„პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ,“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეკითხვით, რა პერსპექტივა აქვს პაციენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და კონკრეტულად რა გახდა აქციის გადადების მიზეზი, Jandacva.ge-მ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. უწყებაში მხოლოდ ის განგვიცხადეს, რომ მინისტრის დავალებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ინფორმირებული არიან პაციენტებიც.

 

Jandacva.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …